გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ, რიკოთის ავტობანის პროექტი დროულად დასრულდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში საცობები „ქართული ოცნების“ შეუსრულებელმა დაპირებებმა გამოიწვია.

კანდელაკმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტები გაიხსენა, „რომლის შესრულების დაპირება მმართველმა ძალამ რამდენიმე წლის წინ დადო და რომელთა უმრავლესობა არც კი დაწყებულა“, მათ შორის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის პროექტი, გომბორის გვირაბი, ბათუმის შემოვლითი გზა და ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის ბაქანის მშენებლობა.

„ამ სადღესასწაულო დღეებში, როდესაც ჩვენი მრავალი მოქალაქე გადაადგილდებოდა ქვეყანაში აღდგომის აღსანიშნავად, ახლობლების, ნათესავების საფლავებზე გასასვლელად, გაწვალდა უსასრულო საცობებში, რომელიც წარმოიქმნა განსაკუთრებით რიკოთის უღელტეხილზე. ათეულობით კილომეტრებზე გრძელდებოდა ეს საცობი და მართლაც დიდი პრობლემები შეექმნათ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ საცობების წარმოქმნის მიზეზი არის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ მთავრობის გეგმის არშესრულება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჯერ კიდევ 2011 წელს მთავრობის მიერ დამტკიცებული მთავრობის გეგმით, რომელიც შეთანხმებული იყო ოთხ დონორთან - მსოფლიო ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ავტობანის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთი არათუ უნდა დაწყებულიყო, უნდა დამთავრებულიყო 2017 წელს, მაქსიმუმ 2018 წელს. უნდა დამთავრებულიყო მთლიანად ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი აზერბაიჯანის საზღვრიდან თურქეთის საზღვრამდე, რაც მოიცავს ასევე ბათუმის შემოვლით გზას და არაერთ მონაკვეთს, იგივე სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს, რომელშიც ასი მილიონია გადაყრილი წყალში და ახლა აღმოჩნდა, რომ არასწორად არის ხიმინჯები გაკეთებული. ეს გაუიოლებდა ცხოვრებას უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს. აღარაფერს ვამბობ გომბორის გვირაბის პროექტზე, რომელიც პროექტიც კი არ გაკეთებულა და ძალიან ხშირად ხდება ავარიები და იღუპებიან ჩვენი თანამოქალაქეები სწორედ ამ მონაკვეთზე“, - განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატმა ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის დაპირებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ეს პრობლემებიც მოგვარდება.

„მახსოვს, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ სვანეთის გვირაბის პროექტი არასწორად იყო გაკეთებული და ჩვენ სწორად გავაკეთებთო. სად არის ეს პროექტი, რომელიც უზარმაზარ ეკონომიკურ იმპულსს მოუტანდა საქართველოს ამ რეგიონს და ამ რეგიონის ეკონომიკას? სად არის პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის 2016 წელს პრეზენტირებული პროექტი, რომლის მიხედვითაც, ქუთაისის აეროპორტში უნდა აშენებულიყო რკინიგზის ბაქანი და გახსნილიყო იგი 2017 წელს? - ამის შემდეგ 2 წელი გავიდა და ეს პროექტი არცკი დაწყებულა. მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ ძალიან კარგად, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ, სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად ეს პრობლემებიც მოგვარდება და განსაკუთრებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა აუცილებლად დროულად დასრულდება“, - განაცხადა კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა