გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯის საკითხი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყდება

დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯის საკითხი, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყდება, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესები, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თუ როგორ აპირებს საქართველო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.

„დავით გარეჯის საკითხი საკმაოდ ფაქიზი, ფრთხილი საკითხია. ყველას მოგეხსენებათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც მძიმედ დგას 1996 წლის შემდეგ, ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა. ერთმნიშვნელოვნად ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ დელიმიტაცია- დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი ამ თემასთან დაკავშირებით. გარკვეული წლების განმავლობაში აქ იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში, ალბათ, უახლოეს მთავრობაზე ახალი კომისია დემარკაციის იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო დაიწყება ჩვენს მეზობელთან ერთად. კომისია სასწრაფოდ შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს. რამეთუ ეს არის პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც გრძელდება ათწლეულებია. მაშინ, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ეს არის ჩვენი მოძმე ერი, რა თქმა უნდა, დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში ერთად გადავწყვეტთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ეხება როგორც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს, ასევე შედის ჩვენი ეკლესიის ინტერესების სფეროში. აქ ორი აზრი არ არსებობს“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ყველა სხვა სახის შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასებები.

„შესაბამისად, ყველა ის შეფასება და შედარებები, როგორიც იყო რუსეთის ფედერაცია და ა.შ. ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი, ეს არის რუსეთის ფედერაცია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სხვა ყველა მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი. აქ კითხვის ნიშნები კი არა, გაჟღერებული არასწორი განმარტებები არის მაღალი რისკის შემცველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დავით გარეჯის საკითხი დარწმუნებული ვარ, საზღვრის დემარკაციის ფარგლებში, იქნება ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესები“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა