კულტურის სფეროს სსიპ ორგანიზაციები გაერთიანდება და მოდერნიზდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.

ცვლილებების შედეგად, სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შეუერთდება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმს.

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული მუზეუმი დღეისათვის წარმოადგენს სამუზეუმო სფეროში არსებულ მძლავრ ინსტიტუციას, რომელსაც გააჩნია ფინანსური და ადამიანური რესურსი ისეთი გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა სამუზეუმო კონცეფციების შემუშავება, ექსპოზიციების მოდერნიზება და სხვა. ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კოლხური კულტურის არტეფაქტების უდიდესი ნაწილი, მის შემადგენლობაშია ასევე ამ პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ვანის ნაქალაქარი, შესაბამისად, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ეროვნული მუზეუმის სტრუქტურაში გაერთიანება, უწყების განმარტებით, მიზანშეწონილია როგორც სამეცნიერო, ასევე, ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან თემატურად ერთიანდებიან სსიპები - ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი;

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციები თვისებრივად წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციების იდენტურს ან მათ გაგრძელებას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს განმარტებით, ლოგიკურია ამ კოლექციების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს სათანადო კვლევას, შესწავლასა და პოპულარიზაციას.

მუსიკალური საკრავების მუზეუმი 1970-იან წლებამდე წარმოადგენდა ხელოვნების სასახლის ერთ-ერთ განყოფილებას. როგორც ცნობილია, მუზეუმი, და შესაბამისად კოლექციები ხელოვნურად გაიყო. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან გამომდინარე, საკრავების, მათი ისტორიისა და მნიშვნელობის შესწავლისათვის გაცილებით ეფექტური იქნება სამუზეუმო კოლექციის ერთობლიობის აღდგენა.

სსიპ - „მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი“ შეუერთდება სსიპ -თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განმარტებით, საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან მუზეუმების ასოცირება საქართველოში შედარებით ახალი პრაქტიკაა. საერთაშორისო მოდელის მიხედვით კი ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯები გადადგმულია. ამის საუკეთესო მაგალითებს ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსტიტეტები წარმოადგენენ.

უწყების განმარტებით, სწორი მართვისა და ფუნქციების გადანაწილების შედეგად, ხელი შეეწყობა მუზეუმების საგანმანათლებლო ფუნქციების გაძლიერებასა და მათ ჩართვას საგანმანათლებლო სისტემაში.

სსიპ - „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ – „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება. ფონდის საქმიანობის საგანი იქნება: ეროვნული ლიტერატურის, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, ახალი ნაწარმოებების შექმნის, გამოცემის, სხვადასხვა ენაზე თარგმნისა და ხელმისაწვდომობისათვის ხელსაყრელი პირობებისა და მექანიზმების შექმნა; ქართველი მწერლებისთვის სარეზიდენციო პროგრამების დანერგვა; საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მხარდაჭერა; საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; შემოქმედებითი წერის სწავლების მხარდაჭერა და ლიტერატურათმცოდნეობისა და ლიტერატურული კრიტიკის განვითარების წახალისება; ქართული ლიტერატურის სხვა ენებზე და უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნის ხელშეწყობა, ქართული ლიტერატურის უცხოურ ენებზე მთარგმნელთა გადამზადება და პროფესიული ქსელების განვითარება; საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, წიგნის ხარისხის კონტროლის, გამომცემლობების და დისტრიბუტორების წახალისების მექანიზმების შემუშავება; გამომცემლობების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა სახის ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების ხელშეწყობა; ელექტრონული წიგნის განვითარების მიზნით, შესაბამისი გადამზადების პროგრამების შემუშავება ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შეუერთდება ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი და დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი.

უწყების ცნობითვე, 2017 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კულტურის ადმინისტრირებისა და დაფინანსების ყველაზე ეფექტიანი ახალი მოდელის შემუშავებისათვის მოიწვია ევროკავშირის ექსპერტი კულტურის მენეჯმენტში - ტერი სანდელი, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, სამინისტროს შესთავაზა კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების სხვადასხვა გზები, რისთვისაც ერთ-ერთ სასურველ ფაქტორად მიჩნეულია სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ ორგანიზაციების გამსხვილება, მათი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა და დამოუკიდებელი საქმიანობის ხელშეწყობა, ან არსებული ორგანიზაციების ბაზაზე ცალკეული დარგების/სექტორების მიხედვით ქოლგა ორგანიზაციის შექმნა.

შესაბამისად, სამინისტროს ინფორმაციით, „კულტურის სატრატეგია 2025-ში“ მოცემული პრიორიტეტებისა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის მენეჯერის ტერი სანდელის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელდა კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ორგანიზაციების, გამსხვილება, რაც ემსახურება კულტურის სექტორში წარმომადგენლობითი/ქოლგა ორგანიზაციების შექმნისა და გაძლიერების მხარდაჭერას.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი