ელენე ხოშტარია - სოცმუშაკებისგან მოვისმინეთ, რომ როგორც კი ყურადღებას მიეფარა მათი საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს

სოცმუშაკებისგან მოვისმინეთ, რომ როგორც კი ყურადღებას მიეფარა ეს საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების მონიტორინგი მოხდეს, საჭიროა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები საკომიტეტო მოსმენაზე მივიდნენ. ხოშტარიას განცხადებით, როგორც კი სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს, მათთვის მიცემული დაპირება პრობლემების მოგვარების თაობაზე, დავიწყებას მიეცა.

„სოციალურმა მუშაკებმა არაერთ კომიტეტზე მიიღეს დაპირება, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდებოდა. დღეს სოციალური მუშაკებისგან გვესმის, რომ მთელი რიგი საბაზო პრობლემები ჯერაც არ მოგვარებულა. როგორც სოცმუშაკები საუბრობენ, ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა მხოლოდ ორი კვირით, მერე ისინი დაივიწყეს და ისევ დადგნენ ამ პრობლემის წინაშე. მათ ჯერ კიდევ უწევთ იმ მძიმე პირობებში მუშაობა. იმისთვის, რომ მათი პირობები გაფიცვის დასრულების შემდეგ არ ყოფილიყო დავიწყებული, ჯანდაცვის კომიტეტს მოვთხოვეთ, რომ ჯერ კიდევ აპრილში მოსულიყვნენ ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები. მათ კი კანონი დაარღვიეს, რადგან არ მოვიდნენ. ითხოვეს მაისის ბოლოს მოსვლა, რაც მათთვის კომფორტული იქნებოდა, რაც არის კანონდარღვევა. მინისტრები არ ირჩევენ როდის და რა ფორმატში მოვიდნენ პარლამენტში. როგორც ჩანს, მათ არ აქვთ პასუხები და არ სურთ ამ დაპირებების შესრულება. რაც მოვისმინეთ სოცმუშაკებისგან, როგორც კი ყურადღებას მიეფარა ეს საკითხი, მანქანები წაართვეს, ან გაფუჭებული მანქანები გაუგზავნეს. ამას არანაირი ბიუროკრატია არ სჭირდება. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს ტელეფონი და ჯანდაცვის მინისტრს მოსთხოვოს პირობების შესრულება, თუ ვერ მოგყავს პარლამენტში. სწრაფად არის ეს საკითხები მოსაგვარებელი. ყოველი არგასული მანქანა არის ყოველი ადამიანის ტრაგედია. ამიტომ მე არ ვიზიარებ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას, რომ მაისის ბოლომდე ველოდოთ მინისტრებს," - განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლას დაუყოვნებლივ მოითხოვს, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, დავით სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოში მაისის ბოლოს მივა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა