აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი - საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება

1-5 მაისს ფიჯიზე, ქალაქ ნადიში აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ქართული მხარე მონაწილეობდა. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ვერნერ ლიპახთან და ბანკის სხვა ხელმძღვანელ პირებთან.

რა რეკომენდაციები აქვს აზიის განვითარების ბანკს, რა პროექტების განხორცილებას გეგმავს საქართველოში, როგორ აფასებს საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს. ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ვერნერ ლიპახმა ისაუბრა.

- აზიის განვითარების ბანკის ბოლო ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო საქართველოს მუშახელის ცოდნის და უნარების განვითარება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაღალშემოსავლიან სექტორებში ინვესტიციების მოზიდვას და ხელს უწყობს ზრდის ტემპის დაჩქარებას. ამ მიმართულებით ხომ არ გეგმავს ADB რაიმე პროექტების განხორციელებას?

- ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება 2019-2023 წლისთვის და მუშახელის გადამზადება ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ასპექტია. განსაკუთრებით საყურადღებოა ტექნიკური პროფესიული განათლება. სტრატეგიის მეორე მიმართულება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. ეს ორი ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხია, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას. უახლოეს მომავალში მუშა ხელის გადამზადებისთვის აზიის განვითარების ბანკი უფრო მეტ ინვესტიციებს განახორციელებს, საუბარია 50 მილიონამდე დოლარის განაწილებაზე ჩვენს 2020 წლის პროგრამაში.

- აზიის განვითარების ბანკის 52 შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მდგრადი ტურიზმის განვითარება იყო. ADB-ის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ ასევე ისაუბრა საქართველოში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე და მის როლზე რეგიონში. რა არის კონკრეტულად დაგეგმილი ამ მიმართულებით?

- საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) წევრია და ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა. ჩვენ გავაფართოვეთ პროგრამა. ადრე ის უფრო ფოკუსირებული იყო ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ენერგოკავშირების განვითარებაზე. ახლა ჩვენ შევხედეთ საკითხს რეგიონალური პერსპექტივით. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა ტურიზმის განვითარების კუთხით და ვფიქრობ, მისგან საკმაოდ ბევრი რამის სწავლა შეიძლება ტურიზმისა და სასტუმროების ინდუსტრიისთვის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. თუმცა არის სამი რამ, რაც აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის და მისი მდგრადობისთვის. პირველი არის სწორი პოლიტიკის გატარება და ტურიზმის სფეროს წახალისება. მე ვფიქრობ, რომ საქართველომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო უკვე ჩაატარა. მეორე - უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს კარგი ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპისთვის, ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგია მსხვილ ქალაქებში - თბილისში და ბათუმში, სადაც საკმაოდ დიდი ინვესტიციები განხორციელდა, მაგრამ კვლავ პრობლემურია ამ კუთხით მესტია და რამდენიმე სხვა რაიონი, სადაც ADB გეგმავს დახმარებას. ჩვენ ვაპირებთ ინვესტიციებს სოფლებში და მცირე ქალაქებში, რომლებსაც აქვთ ტურიზმის განვითარების პოტენციალი. მესამე ასპექტია მუშახელის გადამზადება და ეს ის სფეროა, სადაც ყველაზე მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. როგორი კარგი სასტუმროებიც არ უნდა გვქონდეს, თუ არ იქნება კარგი სერვისი, ტურისტები არ დარჩებიან კმაყოფილი. ქართველები ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ საჭიროა საერთაშორისო სტანდარტების სერვისი.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და უკვე ახლაც ტურიზმი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.

- ამ ეტაპზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია ხელმოწერილი. ხომ არ იგეგმება ADB-ს მხრიდან პროექტში ჩართვა და ინვესტიციების განხორციელება?

- გვქონდა საკმაოდ ფართო დისკუსია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით. ჩვენ მას „საქართველოს კარიბჭეს მსოფლიოში“ ვუწოდებთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ პროექტს. ADB უკვე ხელმოწერილი აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ანაკლიის განვითარების პოტენციურ მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გააუმჯობესებს პროექტის და ინიციატივების თანმიმდევრობის დაგეგმვას. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ის მთელი ქალაქია, ინდუსტრიული კლასტერია, ის მთელი ეკონომიკაა, რომელიც უნდა განვითარდეს. ჩვენ ვვარაუდობთ სულ ცოტა, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარ ინვესტიციას. ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში და ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან.

- საქართველოში წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა გატარდა, მათ შორის საპენსიო. ასევე დაწესდა საბანკო რეგულაციები. როგორც აფასებთ ამ რეფორმებს?

- საპენსიო რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საქართველოს ეკონომიკა ახლა იმ დონეზეა, როდესაც ეს რეფორმა უნდა გაღრმავდეს. ეკონომიკა ვერ განვითარდება ფინანსური სექტორის გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მაღალ კორელაციას ფინანსური სექტორის დახვეწასა და ეკონომიკის დახვეწას შორის. ასე რომ, თუ საქართველოს უნდა განვითარება, უნდა განვითარდეს ფინანსური სექტორი. მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების და მიკრო სესხების განვითარებას კაპიტალის ბაზრის განვითარება არ შეუძლია. თუ კაპიტალის ბაზრის განვითარება გინდათ, თქვენ უნდა განავითაროთ ინსტიტუციური ინვესტიციები, რაც ნიშნავს საპენსიო ფონდების განვითარებას. აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს ამ პროცესს.

- თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რის წინაშეც საქართველოს ეკონომიკა დგას?

- საქართველოსთვის მთავარი გამოწვევაა სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთრებით თბილისის გარეთ. ძალიან რთულია სოფლებში ადამიანების შენარჩუნება და ამის გაკეთება მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, მაკროეკონომიკური დონე საკმაოდ კარგია, მაგრამ საქართველოს აქვს არასტაბილური ეკონომიკური ზრდის ისტორია, ის ცოტათი გულისცემას წააგავს. ამ რყევების შემცირება და ზრდის მაღალ დონეზე შენარჩუნება არის მაკროეკონომიკური გამოწვევა. ჩემი აზრით, ამისთვის ტურიზმის განვითარება არის ფანტასტიური შესაძლებლობა.

- გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა უახლოეს მომავალში საქართველოში გაიმართოს. მიღებულია თუ არა უკვე გადაწყვეტილება?

- ჩვენ მივიღეთ შეთავაზება რამდენიმე ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. ბანკის მხრიდან პოზიტიური განწყობაა და საკითხი არ დგას - ჩატარდება თუ არა ეს შეხვედრა საქართველოში, საკითხი დგას - როდის ჩატარდება. ეს სავარაუდოდ, 2021 ან 2022 წელს იქნება. მანამდე ჩვენ ჩამოვალთ საქართველოში და მივაღწევთ საბოლოო შეთანხმებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა