დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტის წევრთა ნაწილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საკომიტეტო მოსმენის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვდა, გადაიდო.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით, ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ მოხსენება უნდა მოესმინათ, თუმცა სხდომის დასაწყისში დეპუტატთა ნაწილმა გიორგი ქობულიას მოსმენის საკითხი წამოჭრა. როგორც ოპოზიციონერი, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები ხაზს უსვამდნენ ქობულიას განცხადებებს იმის თაობაზე, რომ მას თავისი საქმიანობის განხორციელებასა და ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს უშლიდნენ.
„ევროპული საქართველოს" წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მინისტრები დღემდე მადლობით ტოვებდნენ თანამდებობას, ეს კი ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი მინისტრი ზეწოლაზე საუბრობს.
ამის შემდეგ, კომიტეტის წევრთა ნაწილმა ქობულიას კომიტეტზე მოსმენის საკითხის კენჭიყრაზე დაყენება მოითხოვა, რასაც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ დაეთანხმა. მისი განმარტებით, სხდომას არ ესწრებოდნენ უმრავლესობის დეპუტატები და მას ამ საკითხზე მათი მოსაზრებაც აინტერესებდა. "ევროპული საქართველოს" წევრის დავით ბაქრაძის თქმით კი, სხდომას ესწრებოდა 10 დეპუტატი, კვორუმი შედგა, შესაბამისად, საკითხის კენჭისყრაზე დაყენების მოთხოვნის უფლება ოპოზიციას ჰქონდა.
საკითხზე მსჯელობას კომიტეტის სხდომაზე მცირე კამათი მოჰყვა, რის შემდეგადაც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომა გადადო.