სამედიცინო პერსონალზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები გაკონტროლდება და ის დასჯადი გახდება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ზუგდიდში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტს დაახლოებით ორ კვირაში წარუდგენენ.
„საუბარია სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მედპერსონალზე და სოციალურ მუშაკებზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში გამკაცრებულ სისხლის სამართებლივ თუ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე. ეს, პირველ ყოვლისა, გამოწვეულია პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ გახშირდა ძალადობის ფაქტები, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური და ეს პირველ ყოვლისა, საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა ზოიძემ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია დღეს ექიმებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესთან ერთად შეხვდა.