ომბუდსმენი - სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით - გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია და დროული რეაგირება

სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში - „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგის - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა" არის ნათქვამი.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ბავშვზე ალტერნატიული ზრუნვის სისტემის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა 43 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, 128 მინდობისა და 68 რეინტეგრაციის სერვისში ჩართული ოჯახი, 7 რელიგიური სკოლა-პანსიონი შეაფასა. ასევე, არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და უფლებრივი მდგომარეობის კუთხით საჭიროებების შესასწავლად ვიზიტები სოციალური მომსახურების სააგენტოს 64 ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდა.

ომბუდსმენის თქმით, გადაუჭრელ პრობლემად რჩება ძალადობის მსხვერპლი ბავშვების იდენტიფიცირება, რთული ქცევისა და კრიზისული მდგომარეობის მართვა, ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია, მათზე დროული რეაგირება და ფსიქო-სოციალური დახმარება. სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის და ოჯახების სოციალური ფუნქციის ამაღლების მიმართულებით. არსებული პროგრამები ვერ პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებს, რაც შესაბამისად უარყოფითად აისახება ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ასევე პრობლემად რჩება ბავშვზე ზრუნვის სფეროში არსებული ხარვეზები, შესაბამისი სპეციალისტების, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობრივი სიმცირე და მათი ეფექტიანი ჩართულობის პრობლემები.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით არაერთი გამოწვევა გამოავლინა. წლების განმავლობაში რჩება პრობლემები ბავშვის მიმართ ძალადობის, განათლების უფლების განხორციელების, არასრულწლოვანთა სათანადო ფსიქოლოგიური/სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციისა და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ნაკლებობის მიმართულებით.

გარდა ამისა, გამოვლინდა, რომ არ არის უზრუნველყოფილი არასრულწლოვნების ბიოლოგიური ოჯახებიდან ბავშვთა სიღარიბის საფუძვლით განცალკევების პრევენცია, რადგან სოციალური დაცვის სისტემა უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს ეფექტიან, შედეგზე ორიენტირებულ, ბავშვზე ზრუნვისა და სოციალურ პროგრამებს ვერ სთავაზობს.

სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ დაცვის მაღალი სტანდარტით, რადგან სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება, მომსახურების ფორმების ხშირი ცვლა, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ქცევითი პრობლემები, ძალადობის გამოცდილება, ბიოლოგიური ოჯახისგან განცალკევება არასრულწლოვანთათვის სტრესულ ფაქტორებს წარმოადგენს და ბავშვისადმი განსაკუთრებული მოპყრობის, მათი მაღალი ხარისხის სერვისებით უზრუნველყოფის აუცილებლობას წარმოშობს.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა წარმოადგინა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ომბუდსმენი - სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე