ხათუნა ლაგაზიძე - ზუგდიდი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაცმოძრაობისთვის“ არის ტესტი, ვინ იქნება წამყვანი 2020 წლის არჩევნებში

ზუგდიდი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ტესტი, ვინ იქნება წამყვანი 2020 წლის არჩევნებში, ამიტომაც "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს რომ გაიმარჯვოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტების შეფასებისას განაცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, შს მინისტრთან შეხვედრაზე კონკრეტულად ამ ინციდენტზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო იმ საკითხებს, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მოხდა.

„ზუგდიდის თემაზე შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ ის მოვლენები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება, დაწყებული დავით გარეჯის თემიდან, გაგრძელებული პანკისის თემით და ა.შ. ის გამოწვევები, რაც შეიძლება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვიხილოთ, ეს ერთიანი საფრთხის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამაზე იყო ძალიან საინტერესო მოსაზრებები გამოთქმული როგორც გიორგი გახარიას მხრიდან ასევე ჩვენი მხრიდანაც", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ზუგდიდში შუალედური არჩევნები ყველა მხრივ მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე "მძიმე ბრძოლა ხელისუფლებას იქ ელოდება".

"ვფიქრობ, რომ ზუგდიდი, როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ტესტი, ვინ იქნება წამყვანი 2020 წლის არჩევნებში, ამიტომაც "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიმარჯვოს. მეორე მხრივ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად შეძლებს ოპოზიცია, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაშიც კი, აკრძალული მეთოდების ნეიტრალიზაცია მოახდინოს. ქართული საზოგადოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა შედეგით დასრულდება ზუგდიდის არჩევნები, რამდენად ექნება 2020 წელს ქართულ საზოგადოებას რეალურად თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. ზუგდიდში ხელისუფლებისთვის არამხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, არამედ გამარჯვებულის იმიჯის შენარჩუნებაცაა, ვგულისხმობ იმას, რამდენად სუფთად შეძლებს გამარჯვებას ხელისუფლება როგორც შიდა საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს