რუსული ოკუპაციისგან მომდინარე საფრთხეები, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ვითარება, ჰუმანიტარული პრობლემები და მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვა - ეს ის თემებია, რომელზეც სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და ფრანგმა დეპუტატებმა ისაუბრეს.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სახელმწიფო მინისტრისგან ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკანონო დაკავებებზე და გამყოფი ბარიერების აღმართვის ფაქტზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, ფრანგი დეპუტატები დაინტერესდნენ სამშვიდობო ინიციატივით ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და შეხვედრის მიმდინარეობისას კითხვები მისი განხორციელების გზებზე და კონკრეტულ პროექტებზე დასვეს.
,,შეხვედრის დასრულებისას ფრანგი დეპუტატების დელეგაციამ სახელმწიფო მინისტრს სამშვიდობო გეგმისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.