მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი მწერალთა სახლში 21 მაისამდე გაგრძელდება.
ფესტივალი 5 წელია, რაც ტარდება.
„განვლილ ფესტივალებზე ჩვენი სტუმრები იყვნენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან: დიბისი პიერი, ეთგარ კერეთი, ტომას ვენცლოვა, ჩარლზ ბერნსტაინი, ვიქტორ ეროფეევი, იბრაჰიმ ალ-ქუნი, სერგეი ჟადანი, ფილიპ ბესონი, იულია ფიედორჩუკი, იური ანდრუხოვიჩი, აიზეკ მერიონი, ვერა პავლოვა, არნე სვინგენი და სხვა არაერთი ლიტერატურული წრეებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მწერალი.
ფესტივალს არა აქვს ანალოგი კავკასიის რეგიონში და ამდენად, TIFL იმ აქტივობებს შორისაა, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ამ რეგიონის კულტურულ ცენტრად ქცევას განაპირობებს“, - ნათქვამია სამინისტროს იმიერ გავრცელებულ ნფორმაციაში.
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ეწვევა 19 ავტორი 15 ქვეყნიდან. მონაწილეთა შორის არიან ცნობილი პოეტები, დრამატურგები და პროზაიკოსები აშშ-დან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, მაკედონიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა ქვეყნებიდან.
„ღონისძიებები ერთი თემის ქვეშ გაერთიანდება - ესაა „გაორება“. უწყების ცნობით, ფესტივალის პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ის ავტორებსაც და მსმენელსაც პოეზიის საღამოებით თუ პანელ-დისკუსიებით შემოქმედებითი პოლარულობის, ორბუნებოვნების შესახებ დაფიქრების საშუალებას მისცემს. პროგრამა მოიცავს პოეზიის საღამოებს, საჯარო ლექციებს, წიგნის პრეზენტაციებსა და პანელ-დისკუსიებს“, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მეხუთე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება მწერალთა სახლში და მათზე დასწრება ტრადიციულად, უფასოა.
საფესტივალო კვირეულის სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია ფესტივალის ვებგვერდზე (http://tbilisilitfest.ge) და მწერალთა სახლისა და ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე.