ცესკო - ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, - ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ასევე, მოუწოდებს, რომ ხელი შეუწყობ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

ანა მიქელაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღევანდელ არჩევნებს დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი რაოდენობა აკვირდება.

„აღსანიშნავია, რომ წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე, იქ, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი მიმდინარეობს, ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მონაწილეობენ არჩევნებში. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან დაეხმარონ და დამატებითი ინსტრუქტაჟი გაუწიონ თითოეულ ამომრჩეველს აღნიშნულ პროცესში.

არჩევნებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებიან, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის საჯაროობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას,"- განაცხადა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები მთაწმინდის ოლქში, ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში - მარნეული, ზესტაფონი, ჭიათურა, ზუგდიდი და ხულო. ასევე, დღეს ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

არჩევნები სულ 410 საარჩევნო უბანზე იმართება, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.

საარჩევნო პროცესს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს