კობა გვენეტაძე - საფინანსო სექტორში, ვფიქრობ, გვაქვს ძალიან კარგი გარემო და პირობები იმისთვის, რომ ინვესტორებმა კარგად იგრძნონ თავი საქართველოში

საფინანსო სექტორში, ვფიქრობ, გვაქვს ძალიან კარგი გარემო და პირობები იმისთვის, რომ ინვესტორებმა კარგად იგრძნონ თავი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საფინანსო სექტორისადმი არსებულ ნდობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

კითხვაზე, იმ ფონზე, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა დღეს განაცხადა, რომ ინვესტორებისთვის საჭიროა ნდობა, მათ შორის სასამართლო სექტორში, დგას თუ არა ნდობის პრობლემა საფინანსო სექტორში, , ქვეყნის მთავარი ბანკირი განმარტავს, რომ ამ მხრივ საფინანსო სექტორში საკმაოდ „კარგი გარემოა“ და ის ფაქტი, რომ ქართული ბანკების უდიდესი წილის მფლობელები უცხოელები არიან, ამ სექტორის მიმართ ნდობის მაჩვენებელია.

„ზოგადად, როდესაც ბიზნესკლიმატზეა საუბარი, ძალიან ბევრი კომპონენტი თამაშობს თავის როლს. იმის საფუძველზე, რაც საფინანსო სექტორში მაქვს, შემიძლია მოგახსენოთ, რომ იგივე კონტრაქტების აღსრულება საკმაოდ კარგად ხდება. ამავე დროს, მომხმარებელთა უფლებების კუთხით, ჩვენ ძალიან ვაძლიერებთ ჩვენს როლს; ასე რომ, საფინანსო სექტორში, ვფიქრობ, გვაქვს ძალიან კარგი გარემო და პირობები იმისთვის, რომ ინვესტორებმა კარგად იგრძნონ თავი საქართველოში. ქართული ბანკების 85%-ის მფლობელები უცხოური კომპანიები და უცხოელი ინვეტორები არიან, ეს თავისთავად მაჩვენებელია, რომ არსებობს ნდობა საფინანსო სექტორის მიმართ ", - განაცხადა გვენეტაძემ.