ეკა ბესელია - სასამართლოსადმი ნდობა თუ არ იქნება, რეფორმის გატარებას აზრი არ ექნება, ეს კარგად უნდა ესმოდეს, იმ პარლამენტის თავმჯდომარეს იურისტი რომ ჰქვია

ის, რაც არ არის აქტუალური ირაკლი კობახიძისთვის, აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის. სასამართლოსადმი ნდობა თუ არ იქნება, არანაირი აზრი არ ექნება რეფორმის გატარებას ქვეყანაში, ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, იურისტი რომ ჰქვია იმ პარლამენტის თავმჯდომარეს,- ასე უპასუხა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, სადაც კობახიძემ განაცხადა, რომ ბესელიას მიერ ხელმოწერების შეგროვება აქტუალური საკითხი არ არის.

ბესელიას შეფასებით, სამწუხაროა, როცა ასეთი უდიერი დამოკიდებულებაა მსგავსი საკითხების მიმართ.

„ის, რაც არ არის აქტუალური ირაკლი კობახიძისთვის, აქტუალურია ჩვენი მოსახლეობისთვის. ის, რომ ხალხის ხმა არ ესმის მმართველ პარტიას, ეს აისახება კიდეც განწყობებში და იმ კრიტიკულ დამოკიდებულებაში, რაც აქვთ პარლამენტის მიმართ, მათ შორის თავად ირაკლი კობახიძის მიმართ. ამიტომ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ აწუხებს ჩვენს მოსახლეობას როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება. ეს ქვეყანაში ყველაფერს განსაზღვრავს. სასამართლოსადმი ნდობა თუ არ იქნება, არანაირი აზრი არ ექნება არანაირი რეფორმის გატარებას ქვეყანაში, ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, იურისტი რომ ჰქვია იმ პარლამენტის თავმჯდომარეს. სამწუხაროა, როდესაც ასეთი უდიერი დამოკიდებულებაა ასეთი საკითხების მიმართ. მოსამართლე, რომელიც უვადოდ აირჩევა, მას ყველაზე მაღალი ნდობა უნდა ჰქონდეს, წარმოუდგენელია, ქვეყანაში, მოსამართლეები, რომელთა მიმართ, არათუ ნდობა არ არის, არამედ კრიტიკულად ნეგატიური განწყობაა“,- განაცხადა ბესელიამ.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიას ინიციატივაზე მცირე კომენტარი გააკეთა. „ეკა ბესელიას ხელმოწერების შეგროვება, არამგონია აქტუალური საკითხი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ ეკა ბესელიას ინიციატივაზე.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატი ეკა ბესელია, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მუხლის შეცვლას მოითხოვს და აცხადებს, რომ მოსამართლეები გარკვეული ვადით უნდა გამწესდნენ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს