მაია ცქიტიშვილი - კომპანია White&case სახელმწიფოს ეხმარება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ფორმულირებაში, ჯერ კონკრეტული რჩევები იურისტებისგან არ გვქონია

White&case სახელმწიფოს ეხმარება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის ფორმულირებაში, ჯერ კონკრეტული რჩევები იურისტებისგან არ გვქონია, იმიტომ რომ ეს არის უშუალოდ მოლაპარაკების პროცესი , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB) შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კითხვაზე, რა ფუნქცია აქვს სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ კომპანია white&case-ს მოლაპარაკების პროცესში და უკვე მიიღო თუ არა კონკრეტული რეკომედაციები მთავრობამ, მინისტრი განმარტავს, რომ მოლაპარაკებებს სამივე მხარის იურისტები ესწრებიან და ჯერჯერობით white&case-ისგან რჩევა არ მიუღიათ, რამდენადაც მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.

“მოლაპარაკებებში, როგორც ჩვენი, ასევე ბანკებისა და კონსორციუმის მხრიდან არიან ჩართულნი იურისტები, როდესაც საინვესტიციო ან ნებისმიერი სახის ხელშეკრულებაში ცვლილებებზეა საუბარი, ყოველთვის ჩართულნი არიან იურისტები და რა თქმა უნდა, white& case-ის წარმომადგენელი ესწრებოდა ამ შეხვედრას, ისევე როგორც ყველა მხარის იურისტი. სწორედ მათი სამუშაო იქნება იმ ცვლილებების ფორმულირებაზე მუშაობა, რომლებზეც მხარეები შეთანხმდებიან,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი) საერთაშორისო კომპანია White&Case LLP–სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლო შედეგების ანალიზის მიწოდებას ითვალისწინებს.

სახელმწიფო სააგენტოს მიერ, მომსახურების შესაძენად, გამარტივებული შესყიდვის გზით White&Case LLP–სთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 80 000 აშშ დოლარია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს