სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სპორტული დანიშნულების ავტომობილების აქციზის გადასახადის შემცირებას მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, კახაბერ კუჭავას და მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განსახილველად პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხსენებელმა განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსში 2016 წელს განხორცილებული ცვლილების გამო, რამაც აღნიშნული პერიოდიდან ავტოსატრასპორტო საშუალებების განბაჟების საგრძნობი გაძვირება გამოიწვია, პრობლემა შეექმნა საქართველოს საავტომობილო სპორტს. გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი და სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონში შემოთავაზებული ცვლილების მიღების შემთხვევაში მოხდება ავტოპარკის ეტაპობრივი შევსება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. წინასწარი მონაცემებით, მოსალოდნელია წლის განმავლობაში სპორტისათვის განკუთვნილი 20-30 ავტომობილის იმპორტირება, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს და ხელს შეუწობს ახალი თაობისა და მოყვარული ავტომრბოლელების ამ სახეობაში ჩართვას და მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს მოქმედ პროფესიონალ სპორტსმენებსაც.

კანონპროექტის მიხედვით, სპორტული დანიშნულების ავტომობილისათვის აქციზის გადასახადის თანხა არა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით, არამედ ფიქსირებულად, 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

„საავტომობილო სპორტის ფედერაციას, რომელსაც ძალიან კარგი იდეები აქვს, სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ამისთვის ყველანი მზად ვართ და ეს ერთ-ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში მაღალ დონეზე იყოს განვითარებული“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა.

მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს პროექტთან დაკავშირებით. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განიხილეს. მომხსენებლის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის განმარტებით, კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით“ დასახული მიზნების მიღწევას, გააუმჯობესებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს უკვე მიგრირებული ოჯახების უკან დაბრუნებისათვის სტიმულის მიცემას. მისცემს მათ საშუალებას მაღალმთიან რეგიონშივე მიაღწიონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციას. წარმოდგენილი ცვლილებებით, იხვეწება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების პროცედურები, იცვლება სტუდენტების მიმართ მიდგომები, მათი სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებთან დაკავშირებით, უმჯობესდება პედაგოგების, შშმ პირების მშობელთა და მეურვეთა, ასევე სხვათა ანაზღაურებისა და მათზე შეღავათების დაწესების პირობები.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე დაუჭირა, თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ პროექტთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს დასკვნა უარყოფითია, საჭიროა დამატებითი კონსულტაციები და საბოლოო გადაწყვეტილება შემდგომ საკომიტეტო მოსმენებზე, პროექტის ავტორების მხრიდან შესაბამისი არგუმენტების წარმოდგენის შემდეგ იქნება მიღებული.

კომიტეტის წევრებმა დღესვე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის და განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნას მხარი დაუჭირეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ირინე ფრუიძე წარადგინეს.

„პარლამენტი აქამდე ასე აქტიურად ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული არ ყოფილა. ინიციატივა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს და მის თავმჯდომარეს ეკუთვნის, გულისხმობს, რომ პარლამენტი უფრო აქტიურად ჩაერთოს ახალგაზრდული პოლიტიკის განსაზღვრის პროცესებში. ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ, რომ ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკა იყოს შემუშავებული თვითონ ახალგაზრდების ჩართულობით და მონაწილეობით, მათი მონაწილეობით ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს ახალგაზრდებთან მიმართებით, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პოლიტიკა და რა დონეზე უნდა იყვნენ სხვადასხვა სტრუქტურები ამაში ჩართულები. სწორედ ამაზე სამსჯელოდ ვქმნით ჩვენ ამ ჯგუფს“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

მისივე თქმით, შემუშავდება ახალგაზრდობის სახელმწიფო კონცეფცია, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს და მის საფუძველზე მთავრობა სტრატეგიული გეგმების განხორციელებას უზრუნველყოფს.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამუშაო ჯგუფს მიეცემა საშუალება დეტალურად გაეცნოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით არსებულ პრობლემებს. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით პარასკევს, 24 მაისს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო