ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვებში ტყვიის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების საღებავებით შეღებვა იყოს

ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი სკოლებისა და საბავშვო ბაღების კედლების ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებვა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოტო-რინო-ლარინგოლოგმა ხათუნა ჩიტიძემ განუცხადა, სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ნომერ პირველ ფაქტორად საღებავებს, ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს.

„ტყვია მძიმე მეტალი გახლავთ, რომლის მოხვედრა სისხლში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აზიანებს ნერვული უჯრედის მემბრანას, აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას, ცვლის კომფიგურაციას. ასე რომ, ბევრი მუტაციის შედეგი შეიძლება გახდეს.

ტყვიის ჭარბი რაოდენობა განსაკუთრებით საშიში გახლავთ ორსულებსა და ბავშვებში.

ნომერ პირველი ფაქტორი, რომელიც ტყვიის მატებას გვაძლევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, არის საღებავები. საღებავები, რომლითაც იღებება ჩვენი საცხოვრებელი, სამუშაო გარემო, სკოლები, ბაღები, სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები სწავლობენ. დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გარემოს დაცვის ორგანიზაციასთან ერთად იბრძვის იმ საღებავების ამოღებისთვის, რომელიც ტყვიას შეიცავს. ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოშიც აღნიშნული რეგულაციების შემოღება. სკოლები, ბაღები ყოველწლიურად იღებება საღებავებით და სულ უფრო მეტი კონცენტრაციის მიღება ხდება ბავშვთა ასაკში ამ მეტალისა“, - აღნიშნა ხათუნა ჩიტიძემ.

ექიმის განმარტებით, ტყვია იწვევს ნეირო-სენსორული სმენით დაქვეითებას, რაც ძალიან მომატებულია ბოლო წლებში და ტყვიის კონცენტაციისგან დაქვეითებული სმენის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ხათუნა ჩიტაძემ აღნიშნა, სმენის დაქვეითება ადრეულ ასაკში იწვევს მეტყველების დაქვეითებასაც და მივდივართ სავალალო მდგომარეობამდე.

„მნიშვნელოვანი გახლავთ ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრა, ვინაიდან ტყვიას ადვილად იღებს ორგანიზმი, მაგრამ მის განდევნას ორგანიზმიდან დიდი დრო სჭირდება. რამოდენიმე კვირა სჭირდება, რომ ტყვია სისხლიდან გამოიდევნოს, რამდენიმე თქვე, რომ რბილი ქსოვილებიდან და რამდენიმე წელი, რომ ძვლოვანი სტრუქტურიდან გამოიდევნოს,“ - განაცხადა ხათუნა ჩიტაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობის მცირედი, ბავშვების 16%-ში კი შედარებით მაღალი მატებაა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა