საქართველოს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დელეგაცია სტუმრობს

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი რობერტ რედფილდი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტეირტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანია, რედფილდი ადგილზე გაეცნოს საქართველოსა და CDC-ის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ ისტორიებს, კერძოდ, თუ რა როლი ითამაშა CDC-მ, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ლიდერმა ორგანიზაციამ ქართული პარტნიორული ინსტიტუციების გაძლიერებაში, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მასშტაბით.

ამასთან, ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამერიკულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს სამუშაო შეხვედრები გამართოს, როგორც კოლაბორატორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სახელმწიფო მაღალი რანგის პირებთან: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრების მიზანია განიხილონ მიმდინარე თანამშრომლობა და დასახონ მომავალი ურთიერთობების ახალი გზები და მიმართულებები.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, ფუნდამენტური და გამოყენებითი სიცოცხლის მეცნიერებების განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დონორ და პარტნიორულ თანამშრომლობას 20 წელიწადზე მეტია უწევენ ამერიკული ორგანიზაციები და უნივერსიტეტები.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა CDC-თან. 1996 წელს CDC-ის სტრუქტურული და ფუნქციური მოდელი გამოყენებულ იქნა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის პროცესში. ინფექციური დაავადებების კვლევებისა და ქართველი ეპიდემიოლოგების გადამზადების მიზნით, CDC-მ საქართველოში თავდაპირველი საქმიანობა, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. ხოლო 2009 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შენობაში დაფუძნდა CDC/ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, რომლის მთავარი ფუნქცია იყო საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის (FELTP) მიწოდება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. პროგრამის ამოცანას წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანისა და ზოონოზური დაავადებების ზედამხედველობის და ეპიდაფეთქებებზე რეაგირების მიმართულებით. პროგრამა მოიცავდა საკლასო და საველე სწავლებას. დღეის მდგომარეობით აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების 127 სპეციალისტს მიღებული აქვს პროფესიული გადამზადება, მათ შორის 70 სპეციალისტს საქართველოდან“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამჟამად, საქართველოში CDC-ის მისიას წარმოადგენს ინსტიტუციურ დონეზე ეპიდაფეთქებების დროული გამოვლენისა და რეაგირების შესაძლებლობების გაფართოება ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო კომუნიკაციის საფუძველზე.

CDC უზრუნველყოფს ჯანმრთელობის სხვადასხვა რისკ-ფაქტორებზე ტექნიკურ მხარდაჭერას ზედამხედველობითი კვლევების განხორციელების და ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებებით. საქართველოში CDC-ის აქტივობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ჰეპატიტები, გრიპი, ზოონოზური, რესპირატორული, დიარეული დაავადებები, ტუბერკულოზი, ნუტრიციოლოგია, სქესობრივად გადამდები დაავადებები და სხვ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, CDC-ის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პროგრამის მიმდინარე შედეგებიდან გამომდინარე საქართველო მსოფლიოში გახდა სამაგალითო ქვეყანა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე