მამუკა ბახტაძე - ობიექტური გამოწვევების მიუხედავად, ამომრჩეველს აქვს ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ

გამოწვევების მიუხედავად, რაც ოჯახების წინაშე ობიექტურად არსებობს, ამომრჩეველს აქვს ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოში ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარდა კიდევ ერთი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, ვინაიდან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მთავარი მონაპოვარია ის, რომ საქართველოში არჩევნები ყოველთვის ჩატარდება თავისუფლად და მხოლოდ ქართველი ერი მიიღებს გადაწყვეტილებას.

„არჩევნების ეს შედეგები მოსალოდნელი იყო, რადგან წინასწარ კვლევებს ვატარებდით და ჩვენს კანდიდატებს ჰქონდათ სოლიდური უპირატესობა. შესაბამისად, ველოდით გამარჯვებას. მესმის, რომ ბევრი პრობლემაა რეგიონებში, აქტიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან და მათგან მიღებული ინფორმაციით ბევრი რამ შევცვალეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება გვაქვს დაწყებული. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს ნდობისთვის, რომ გამოწვევების მიუხედავად, რაც ოჯახების წინაშე ობიექტურად არსებობს, მათ აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველი ძალის მიმართ და ჩვენ ამ ნდობას აუცილებლად გავამართლებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ბახტაძემ ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას და წინასაარჩევნოდ არსებულ საინფორმაციო გარემოს გაუსვა ხაზი.

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ტყუილები, რომელიც სამწუხაროდ, მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობისგან“ და ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ გამოკვეთა. სხვა მუნიციპალიტეტებში იყო მსგავსი ემოციები? ამის პასუხია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი აკეთებს ყველაფერს, რომ როგორმე შემოიტანოს არეულობის განცდა საქართველოში. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები არის ამის მკაფიო დემონსტრირება, რატომ არ იყო სხვაგან მსგავსი ატმოსფერო?! ზუგდიდის არჩევნებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საზოგადოების განწყობა. მმართველი გუნდის კანდიდატის მხარდაჭერამ 60%-ს გადააჭარბა, რაც ძალიან კონკრეტული გზავნილია. 2012 წლიდან მოყოლებული არ ყოფილა არჩევნები, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო ლიდერებს არ გაუკეთებიათ იგივე განცხადებები, რაც ამჯერად, მაგრამ დღემდე ყველა არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ რეჟიმში. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ყველაზე დიდ მონაპოვარს. ჩვენი გუნდის მონაპოვარია ის, რომ ქართველ ერს აქვს არჩევანი და მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს