საქართველოს პარლამენტმა „მედია პრიზი - ADAMI“-ის პროექტების პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტში “მედია პრიზი - ADAMI“ ახალი პროექტის - ADAM TANDEM-ის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განმარტა, ADAMI TANDEM-ის პროგრამა არის ახალი მედიაინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის. პროექტი სატელევიზიო ჟურნალისტებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ კავშირები დასავლეთ ევროპის წამყვან მაუწყებლებთან და ერთობლივად აწარმოონ კულტურული მრავალფეროვნების თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტები.

„აღნიშნული პროექტი გახლავთ უნიკალური შესაძლებლობა ქართველი ჟურნალისტებისთვის, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშაონ პროექტები ევროპელ კოლეგებთან ერთად. განსაკუთრებული აქცენტი აღნიშნული ინიციატივაში კეთდება კინო და სატელევიზიო პროდუქციაზე, რომელიც წარმოაჩენს ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს. ეს არის ერთ-ერთი ხიდი ჩვენი მედიის წარმომადგენლებისთვის, რომ ევროპელ კოლეგებთან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ და გაიზიარონ ერთმანეთის წარმატებული გამოცდილება. მსგავსი პროექტები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული მედიის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პროექტის მნიშვნელობაზე მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

„ყველა ინიციატივა, რომელიც ემსახურება უკეთესი კავშირების დამყარებას, ხიდების აგებას ქართველ ჟურნალისტებსა და ევროპელ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს შორის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებსა და ევროკავშირის სივრცის წარმომადგენლებს შორის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ევროკავშირი არის კულტურული, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნების სიმბოლო . ამ მრავალფეროვნების წახალისება ჩვენს რეგიონში არის უმნიშვნელოვანესი. მოცემულ ინიციატივას შეუძლია ძალიან კარგი წვლილი შეიტანოს აღნიშნულ პროცესში, იმაზე მეტიც, ვიდრე არის მხოლოდ ჟურნალისტიკის სტანდარტის მისადაგება ევროკავშირის სტანდარტებთან“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

სტუმრებსა და პროექტში მონაწილეებს მიესალმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნორში. მან „ADAMI Tandem”-ის მიზნის შესახებ ისაუბრა და პროექტის მონაწილეებს წარმატება უსურვა. მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ ADAMI Tandem- ის პროგრამა ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა „ADAMI მედიის პრიზი კულტურის მრავალფეროვნების აღმოსავლეთ ევროპაში“ დირექტორმა, შტეფან ტოლცმა, და უსაფრთხოების პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ხელმძღვანელმა, ქრისტიან ტრიპემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს