საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას შს სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკაში საგამოძიებო სამსახურის უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები, ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, რუსტამას ლიუბაჟევასს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს ენტონი მიკულსკისს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიეტუვას რესპუბლიკაში, ლევან ღვაჩლიანი.

შეხვედრის ფარგლებში, კოლეგა უწყებებს შორის საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ენტონი მიკულსკისმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და ლიეტუვას სამართალდამცავ უწყებებს შორის, საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და გამოძიების მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიას, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ოფისთან (OLAF) ლიეტუველი კოლეგების თანამშრომლობას, ხაზი გაესვა გამოძიების პროცესში სხვადასხვა საინფორმაციო ბაზების გამოყენების მნიშვნელობას, საქართველოს და ლიეტუვას კოლეგა უწყებების საქმიანობის სხვა ძირითად ასპექტებს. სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის კონკრეტული მიმართულებები დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ასევე, ლიეტუვას რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს