ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ შრომითი საკითხების სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შრომით საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრის დაწყებადე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ის მოხარულია, რომ ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვის შემთხვევაში წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდა.
„ეს ძალიან კარგი პრეცედენტია და აჩვენებს იმას, რომ ზოგადად ჩვენ დადებითი ტენდენცია გვაქვს იმ კუთხით, რომ უფრო მეტად ხდება მშრომელების ინტერესების და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება. ამას მყარი საფუძველი კანონმდებლობამ უნდა შეუქმნას“, - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, არის საუბარი არაერთ ცვლილებაზე, რომელიც შესაძლოა შრომის კოდექსში განხორციელდეს, მათ შორის ანაზღაურებისა და შვებულებების მიმართულებით. კობახიძის განმარტებით, საზედამხედველო ფუნქციის განვითარება არის ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ამ კუთხით ისინი საერთაშორისო დონორების თანადგომას და მხარდაჭერას ელოდებიან.