შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით, კანონმდებლობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის დახვეწაზე მსჯელობენ

შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს კანონმდებლობა და კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდეს საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქცია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს პარლამენტში შრომით საკითხებთან დაკავშირებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძე ესწრება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, არაერთი კანონია მიღებული, მათ შორის, ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ამ სფეროში სტანდარტებს აუმჯობესებს. ამასთან, მისივე შეფასებით, საჭიროა კანონმდებლობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მეტად დახვეწა და განვითარება. ირაკლი კობახიძემ ამ მიმართულებით, დონორთა მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე სწორედ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებენ.

„საჭიროა ცვლილებების განხორციელება კანონმდებლობაში, სხვადასხვა მიმართულებით. ახალი ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უკვე მიღებულია, თუმცა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს, მათ შორის, „შრომის კოდექსში“ და ამაზე დღეს დეტალურად გვექნება საუბარი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძე ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვას გამოეხმაურა.

„ზოგადად, ამ მიმართულებით, არის სერიოზული გამოწვევები. ჭიათურის შემთხვევამ აჩვენა, რომ არის სერიოზული გაუმჯობესების შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ ამ შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები და დაკმაყოფილდა მაღაროელების სამართლიანი მოთხოვნები, რაც ძალიან კარგი პრეცენდენტია და რაც აჩვენებს იმას, რომ დადებითი ტენდენციაა იმ კუთხით, რომ მეტად ხდება მშრომელების ინტერესების და მათი სამართლიანი მოთხოვნების გათვალისწინება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამას მყარი საფუძველი კანონმდებლობამ უნდა შეუქმნას.

ირაკლი კობახიძემ იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც, შესაძლოა, „შრომის კოდექსში“ განხორციელდეს.

„საუბარია არაერთ ცვლილებაზე, რომლებიც, შეიძლება, „შრომის კოდექსში“ განხორციელდეს, მათ შორის, ანაზღაურების კუთხით, შვებულებების კუთხით და ა.შ. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საზედამხედველო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით, საერთაშორისო დონორების თანადგომასა და მხარდაჭერას ველოდებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით, კოორდინირებული და ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, ამ მიმართულებებით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რამდენიმე კომიტეტი მუშაობს და არსებობს შესაბამისი სამუშაო ჯგუფიც.

„იმისთვის, რომ უფრო კოორდინირებული და ეფექტური იყოს ამ მიმართულებით ჩვენი საკანონმდებლო და შემდგომ, საზედამხედველო საქმიანობა, რომელშიც ძალიან აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, გვინდა, რომ მოხდეს კოორდინაცია და იმ მიმართულებით წარვმართოთ მუშაობა, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული შედეგზე“,- აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, პარლამენტის წევრის განცხადებით, საჭიროა „შრომის უსაფრთხოების“ შესახებ კანონის ეტაპობრივი გაძლიერება.

„გეგმაში გვაქვს, რომ განვახორციელოთ „შრომის კოდექსის“ ფუნდამენტური რეფორმა, სადაც ყველა ის დირექტივა აისახება, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, ის პრობლემები, რომლებიც ამ მიმართულებით დგას - ზეგანაკვეთური სამუშაო, დასვენების დღეები, შვებულებები და სხვა საკითხები, რომლებსაც მოწესრიგება სჭირდება. ასევე, ინსტიტუციური მექანიზმების, შრომის ინსპექციის გაძლიერება და ძლიერი, დამოუკიდებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც კანონების აღსრულებაზე მონიტორინგს ეფექტურად განახორციელებს“,- განუცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა