გამოცემის - „ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“  პრეზენტაცია გაიმართა

„ადგილობრივ თვითმმართველობათა არჩევნები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ - ამ სახელწოდების გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ცესკო-ს ინფორმაციით, გამოცემა 1918-1920 წლებში ჩატარებულ თვითმმართველობათა არჩევნებს ეძღვნება და მასში არჩევნების შესახებ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტური მასალაა ასახული. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თვითმმართველობის პირველი დემოკრატიული არჩევნები 1918 წლის 14 ივლისს დაიწყო თბილისის მაზრის რამდენიმე ოლქში, უკანასკნელი კი -1920 წლის 23 აგვისტოს ახალქალაქის მაზრაში გაიმართა.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ.

„გამოცემაში წარმოდგენილი მასალებიდან მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს იმდროინდელი საქართველოს რეალობას და თავად შეაფასოს, თუ რამდენად დიდი იყო მაშინდელი საქართველოს მზაობა და მისწრაფება დემოკრატიული განვითარებისკენ და რაოდენ მნიშვნელოვანი დემოკრატიული პრინციპები ედო საფუძვლად პირველ საარჩევნო პროცესებს. თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 20 მაზრასა და 26 ქალაქში ჩატარდა, უნიკალური საარჩევნო პრინციპების მატარებელი იყო. არჩევნების ინკლუზიურობა, ქალების აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების აქტიური ჩართულობა, არჩევნების დემოკრატიულობის ის ძირითადი პრინციპებია, რომლებიც არჩევნების დაბადებასთან ერთად გაჩნდა საქართველოში და რომელთაც დღევანდელ საარჩევნო პროცესშიც დიდი ყურადღება ექცევა. ამ კულტურას საქართველოში უკვე ერთი საუკუნე შეუსრულდა“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

როგორც ნინო ოკრიბელაშვილმა აღნიშნა, გამოცემა მკითხველს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს, რომლის დიდი ნაწილიც პირველად ქვეყნდება. მისივე თქმით, უნივერსიტეტი ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფენომენის შესწავლას და ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის გაცნობას ფართო საზოგადოებისთვის.

გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქეთი მაისურაძემ და აღნიშნა, რომ კრებული მკითხველის წინაშე წარმოაჩენს თვითმმართველობის პირველი დემოკრატიული არჩევნების კონტექსტის და ფაქტების შთამბეჭდავ კომბინაციას, რაც მკითხველს ბევრ სიახლეს მიაწვდის. მისი თქმით, ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადებული გამოცემა მნიშვნელოვანი ისტორიული მასალაა, რომელიც სასიამოვნო საკითხავი იქნება დაინტერესებული მკითხველისთვის.

უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს სტუდენტები და ლექტორები, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები.

კრებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი