საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ლიეტუვაში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლიეტუვაში ვიზიტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ვიქტორას პრანცკიეტისთან შეხვედრით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს საუბრის მთავარი თემები ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრობა, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხი იყო.

მათივე ინფორმაციით შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ამ პროცესში საქართველოს პარლამენტის როლსა და მეგობარი ქვეყნების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი მძიმე ვითარება განიხილეს.

„ლიეტუვასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს და ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამშრომლობა. ხალხებსა და სახელმწოფოებს შორის განსაკუთრებული მეგობრობაა ჩამოყალიბებული. ძალიან ვაფასებთ ლიეტუვის მხარდაჭერას პოლიტიკური თვალსაზრისით. ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი ევროინტეგრაციაზე გაკეთდა - განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ორივე მხრის მიერ შეიძლება, გადაიდგას ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენმა ლიეტუველმა მეგობრებმა კონკრეტული ხედვა შემოგვთავაზეს, რათა ამ მიმართულებით უფრო სწრაფ პროგრესს მივაღწიოთ. ლიეტუვის მხრიდან, ამ პროცესში განსაკუთრებული მხარდაჭერა გვაქვს“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობას, უვიზო მიმოსვლასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

„სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც უნდა გადაიდგას ევროინტეგრაციის გზაზე. ვიზა ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი თემაა. ამ კუთხით, არის გარკვეული გამოწვევები, გარკვეულწილად, ხდება იმ უფლების ბოროტად გამოყენება, რასაც გვანიჭებს ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, იქნება ეს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თუ სხვა კუთხით, ყველა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი და აუცილებლად შევინარჩუნებთ ამ ერთერთ უმთავრეს მიღწევას, რომელიც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება უვიზო მიმოსვლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის დგამს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ლიეტუვის პრემიერმინისტრ საულიუს სკვერნელისთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან და ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა