პარლამენტმა მხარი დაუჭირა პაკეტს, რომლის საფუძველზეც თბილისში ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები  გადავადდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც თბილისის მუნიციპალიტეტისათვის ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსით განსაზღვრული რეგულაციების გადავადება ხდება.

ცვლილება დაჩქარებული წესით სამ საკანონმდებლო აქტში: - “ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ კანონში, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ და “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განხორციელდა.

საკანონმდებლო პაკეტი შეიცავს ცვლილებებს, რომელიც ახალი ე.წ. მშენებლობის კოდექსის ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, 2019 წლის 3 ივნისს უნდა ამოქმედდეს.

მიღებული პროექტით, თბილისის მერიისთვის ამჟამად მოქმედი რეგულაციები ნარჩუნდება და ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონსა და პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში ცვლილებების ამოქმედება 2019 წლის 3 დეკემბრამდე გადავადდება. ეს ეხება სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებასა და შეთანხმებას, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცებას, მშენებლობის ნებართვის გაცემას, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირებას.

ამასთან, ახალი ინიციატივით, განაშენიანების რეგულირების გეგმები, რომლებიც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს მოიცავს, იურიდიულ ძალას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე ინარჩუნებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის თავდაპირველი ვარიანტით მოთხოვნილი იყო ვადის 15 თვემდე გაზრდა და 2020 წლის სექტემბრისათვის გადავადება, თუმცა საკომიტეტო განხილვის დროს გადაწყდა, რომ ვადა 15 თვის ნაცვლად, 6 თვით გადაიწევს.

აღნიშნული ცვლილებების არგუმენტად მითითებულია ის, რომ მერიამ ნორმატიული აქტების ახალ მშენებლობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრო.

საკანონმდებლო ცვლილებებში დეპუტატთა ნაწილი კორუფციულ რისკებს ხედავს და ეჭვობს, რომ მერია მშენებელობებზე ნებართვების გაცემას კოდექსის გვერდის ავლით აპირებს. კანონპროექტი განსაკუთრებულად პარლამენტის წევრებმა ბიძინა გეგიძემ, დავით ჭიჭინაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ გააპროტესტეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს