გიორგი ქობულია ფოთის პორტთან დაკავშირებით - ჩემს დროს რაღაც პროცესზე, პირობების განსაზღვრაზე და ბრძანების გამოცემაზე საუბარი არ ყოფილა

ჩემს დროს რაღაც პროცესზე, პირობების განსაზღვრაზე და ბრძანების გამოცემაზე საუბარი არ ყოფილა, ამას გარანტირებულად გეუბნებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ფოთის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია გიორგი ქობულიას ამ ბრძანებისა და პროცესის შესახებ, ქობულია განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია, რაზეა საუბარი და მისი მინისტრობის დროს რაიმე პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ თემაზე, იმიტომ, რომ ვერ გავიგე რაზეა საუბარი. ამ ბრძანებაში არაფერი არ წერია, ბრძანება ერთი გვერდია, სადაც წერია, რომ რაღაც მიწის ნაკვეთზე განისაზღვროს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობები. მერე წერია დანართი 1 , რა წერია ამ დანართში ესაა საინტერესო. რაზეა საუბარი, რა მიწაზე, რა პირობებზე, დასკვნა ვერ გამოვიტანე. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემს დროს ლაპარაკი არ იყო,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

ამასთან, გიორგი ქობულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის გრიგოლ კაკაურიძის გადაყენების ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული ბრძანება, რომლის გამოც გრიგოლ კაკაურიძე გაათავისუფლეს, ტექნიკური ბრძანება იყოს და არ ყოფილიყო საჭირო მისი ვინმესთვის შეთანხმება.ასევე აცხადებს, რომ გუშინ სცადა გრიგოლ კაკაურიძეს დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ.

„მე არც გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც ტექნიკური ბრძანებაა, რომელიც შესაძლოა, არც იყო არავისთან შესათანხმებელი. გრიგოლ კაკაურიძეს საკმაოდ დიდი სააგენტოს უფროსი იყო და მას თავისი უფლებამოსილებები ჰქონდა. თუმცა, მე არ ვიცი რაზეა ლაპარაკი. მინისტრის გარდა მაგას კიდევ ჰყავს კურატორი მინისტრის მოადგილე, ვისაც პირდაპირ ექვემდებარება, მინისტრის მოადგილემაც არ იცოდა?

კაკაურიძე ძალიან გამოცდილი ადამიანი იყო და ჩემი მინისტრობის დროს წესიერი, გამოცდილი და პროფესიონალი ადამიანის რეპუტაციის გარდა, მას არაფერი დაუმსახურებია. მე არ ვიცი ამ შემთხვევაში რა და როგორ მოხდა. გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი პროცესი ჩემი მინისტრობის დროს ამ თემაზე არ მიმდინარეობდა. ამ საკითხზმა იმხელა ინტერესი გამოიწვია, მეც დავინტერესდი და გუშინ დავურეკე კაკაურიძეს, თუმცა არ მიპასუხა და აღარც გადმომირეკა. ეტყობა სტრესში იყო. უბრალოდ პროფესიონალურად დავინტერესდი რაზე იყო საუბარი, თუმცა ვერც მისგან მივიღე განმარტება და ვერც ვერავისგან. გაჟღერდა ორი სიტყვა ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში და ყველა დადის და ამაზე ლაპარაკობს, თუმცა რაზეა საუბარი არავინ არ იცის,“-აცხადებს გიორგი ქობულია.

მისივე თქმით, ფოთის ღრმაწლოვან პორტზე საუბარი მის თანამდებობამდე დანიშვნამდეც იყო, მაგრამ რაიმე ნებართვა არ გაცემულა. რაც შეეხება საკითხის გარშემო მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს, ქობულია აცხადებს, რომ ბრალდებებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.

„ის ხალხი, ვინც ამ პროცესზე ჩემს მიმართ აჟღერებს ბრალდებებს, რეალურად რა პროცესზეა საუბარი იმასაც ვერ აყალიბებენ. ამიტომ, ამ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. გაურკვეველია რაზეა საუბარი,“- აცხადებს გიორგი ქობულია.

შეგახსენებთ, 29 მაისს, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. ამასთან, მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც, პროცესი დაწყებულია მანამ, სანამ ის მინისტრად დაინიშნებოდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა