ერთ-ერთ პრობლემად რჩება, რომ სოციალური დახმარების მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება, არც თუ ისე იშვიათად, მოსახლეობისთვის არის გაუგებარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სოციალურ დახმარებებზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური დახმარებების მინიჭების სისტემა სამართლიანი, გასაგები და საზოგადოებისთვის აღქმადი უნდა იყოს.
„ჩვენთან არსებული სისტემა, რაიმე სახით უპრეცედენტო არ არის. ჩვენ მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვაქვს შესწავლილი და ვცდილობთ, რომ შევიტანოთ ის ცვლილებები, რომლებიც იქნება მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების მთავარი მახასიათებლებისაკენ, როგორიცაა: სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, სისტემა უნდა იყოს გასაგები და აღქმადი საზოგადოებისათვისთვის. ასევე, უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მიმართული იყოს მაქსიმალურად იმ საჭიროებების აღმოსაფხვრელად, ვისაც ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, სამართლიანად უნდა იყოს გადანაწილებული. ჩვენ შემთხვევაში, არსებულ სოციალური დახმარების სისტემა, რა თქმა უნდა, იყენებს თვლად ელემენტებს, მაგრამ ეს თვლადი ელემენტები თავიდან იყო ბევრი, ჩვენ ვეცადეთ, რომ შეგვემცირებინა, რადგან ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის, რომ მინიჭების ან მოხსნის გადაწყვეტილება არც თუ ისე იშვიათად, მოსახლეობისთვის არის გაუგებარი“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ასევე იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც სოციალური დახმარების მინიჭების მეთოდოლოგიაში შეიცვალა.
„მეთოდოლოგიაში, კონკრეტულ ოჯახზე მონაცემების მოპოვება ხდებოდა მთლიანად სოციალური აგენტის მიერ და მათ ჰქონდათ საკმაოდ ფართე, პოტენციური ველი სუბიექტური გადაწყვეტილებების მისაღებად. არსებულ მეთოდოლოგიაში, სუბიექტური გადაწვეტილების უფლებამოსილება, სოციალურ აგენტს, პრაქტიკულად აღარ აქვს, იმიტომ რომ მონაცემთა მოპოვება და გადამოწმება უკვე ხდება ელექტრონულ მონაცმეთა ბაზის საშუალებით, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, საჯარო რეესტრი, შსს, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიები და ა.შ. ცვლილებამდე მეთოდოლოგიაში, ოჯახის ყველა წევრი ინდივიდუალური საჭიროებების მიუხედავად იღებდა ერთნაირ სოციალურ დახმარებას. ახლა ეს შეცვლილია და არის იმაზე ორიენტირებული, უფრო მეტად ვისაც სჭირდება, ის უფრო მეტ სოციალურ დახმარებას მიიღებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, საკუთრივ სისტემის მოქმედების ცდომილებაა. აბსოლუტური სიზუსტით ვერც ერთი სისტემა ვერ მოქმედებს, მათ შორის სოციალური დახმარების მინიჭების სისტემა. ასე რომ, არის შემთხვევები, როდესაც არასწორად ეხსნებათ ან არასწორად ენიშნებათ სოციალური დამხმარებები“, - განაცხადა სერგეენკომ.