პარლამენტი იწყებს პაკეტის განხილვას, რომლის მიხედვით, ცივი იარაღით ვაჭრობა სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება და ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება

პარლამენტი შს სამინისტროს საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, ცივი იარაღით ვაჭრობა სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება და ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება.

მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე 3 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებში იმსჯელებენ. პროექტს კომიტეტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წარუდგენს.

ცვლილებები “იარაღის შესახებ“ კანონში შედის, რომლის მიხედვით, ლიცენზიას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს. პირს, რომელიც ახორციელებს ცივი იარაღით ვაჭრობას, პროექტის თანახმად, მიეცემა გარკვეული ვადა, რათა ლიცენზიის მისაღებად მომსახურების სააგენტოს მიმართოს.

ამასთან, მთავრობის ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ცივი იარაღის ის სახეობები, რომელთა ვაჭრობა ლიცენზიის მოპოვებას დაექვემდებარება.

ლიცენზიას არ საჭიროებს: - ცივი იარაღის ის სახეობები, რომელიც განკუთვნილია საოჯახო, საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო, სასოფლო-სამეურნეო, სახელოსნებო, სასუვენირო დანიშნულებისთვის ან წარმოადგენს ეროვნული ტანისამოსის ატრიბუტიკის ნაწილს ან გამოიყენება სხვა მსგავსი მიზნებისთვის; ასევე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ყადაღადადებული იარაღის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული იარაღის რეალიზაცია.

პროექტით, ცივი იარაღით ვაჭრობის ლიცენზიის მქონე პირი ვალდებული ხდება დაიცვას მთელი რიგი მოთხოვნები, მათ შორის, უზრუნველყოს შეძენილი და რეალიზებული ცივი იარაღის აღრიცხვა, ცივი იარაღის რეალიზაცია განახორციელოს მხოლოდ ნასამართლობის არმქონე სრულწლოვან პირზე, უზრუნველყოს ცივი იარაღის

შენახვის უსაფრთხოება და სხვა.

პროექტი ასევე ადგენს ცივი იარაღით ლიცენზიის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.

ცივი იარაღის იმპორტის უფლება ენიჭება მხოლოდ ცივი იარაღის ვაჭრობის უფლების მქონე პირს. ამასთან, ფიზიკური პირის მიერ ისეთი არაკომერციული მიზნით, როგორებიცაა, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, გამოფენა/ექსპონირებისთვის, ან პირადი სარგებლობისთვის, ასეთ შემთხვევაში ცივი იარაღის საქართველოში შემოტანის ან გატანის წესს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება დაარეგულირებს.

ამასთან, მკაცრდება სანქციები ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას არა 200 ლარის, არამედ 500 ლარის ოდენობით.

ცალკე შემადგენლობად გამოიყო და უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დგინდება სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ტარებისთვის - კერძოდ, სანქციად განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება ხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კონტექსტში, არამედ პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. (მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში დგება).

გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს“ ახალი სამართალდარღვევები ემატება, რომლის თანახმადაც, დასჯადი ხდება სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან ცივი იარაღის იმპორტი სათანადო ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ან ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა.

კონკრეტულად კი, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა - გამოიწვევს ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

წინასწარი შეცნობით ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის გადაცემა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღის იმპორტი - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 20 მაისის სხდომაზე წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა