ინფექციური საავადმყოფოს პროექტი 6 თვეში მომზადდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირებაზე გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია შპს ,,აპექს სტუდიო 1“-ია. კომპანია ვალდებულია 6 თვეში წარმოადგინოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდება და მიღებული იქნება საავადმყოფოს სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, გამოაცხადებს მშენებლობის ტენდერს.

„პროექტი ითვალისწინებს 100 საწოლზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობას. ცენტრი აშენდება თბილისში, ლუბლიანას ქუჩა N21-ში. მისი სამუშაო ფართი დაახლოებით 10000 კვადრატული მეტრი იქნება, ხოლო საერთო სამშენებლო ფართი 15000 კვადრატულ მეტრზე მეტი.

პროექტისთვის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა