მიხეილ კალანდიას მამა - ქალაქის პროკურორი ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო - ამ საქმეს ბევრი შეეწირება, როგორც შსს-დან, ისე პროკურატურიდან!

ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მიხეილ კალანდიას თქმით, თუ მისი შვილი დამნაშავეა, დამნაშავე გამოდის ყველა ის ადამიანი, ვინც წელიწადნახევრის განმავლობაში მიხეილ კალანდიას აყვანა არ უზრუნველყო.

„ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? - პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენს საქმეში მონაწილეობა მიიღო, ვინც დაიკითხა და ერთი სიტყვა თქვა, ყველა თავიდან უნდა დაიკითხოს და დაადასტუროს თავისი ნათქვამი! დაწყებული პარლამენტიდან, პროკურატურით დამთავრებული. ყველამ უნდა გასცეს პასუხი, რა ხდება და რატომ? თუ ჩემი შვილი დამნაშავე არ იყო, რატომ აღმოჩნდა უცებ დამნაშავე? სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ დღეში რომ აღმოჩნდა დამნაშავე? იმ დღესვე უნდოდათ დაჭერა, იმ დღეს ჩემ სახლთან ნახევარი სამინისტრო ტრიალებდა. მეორე დღეს კი, სპეცოპერაცია მომიწყვეს, სასამართლოში მივდიოდი, ჩემი და ჩემი უფროსი ვაჟის პროცესი იყო, რომელზეც მიხეილ კალანდია იკითხებოდა, შუა გზაში გადაგვაყენეს, სპეცოპერაცია მოაწყვეს, თითქოს ქალაქიდან გავრბოდით! ქალაქიდან გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, წელიწადნახევარი მქონდა დრო იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გაქცეულიყო და ამას როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, იმიტომ რომ მართლები ვართ!“, - აცხადებს კალანდია ინტერვიუში და მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე შეცდომაში შეიყვანეს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

იხილეთ ვიდეო: თენგიზ კალანდია - ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემა-ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის