მიხეილ კალანდიას მამა - პოლიციელები ფიზიკურად გამისწორდნენ, ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე წელიწადნახევრის შემდეგ დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია „ინტერპრესნიუსთან“ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ თენგიზ კალანდია ამტკიცებს, რომ სასურველი ჩვენების მისაცემად მასა და მის შვილებს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. კალანდია მზადაა, თითოეული პოლიციელის სახელი და გვარი დაასახელოს და აღნიშნულ საკითხზე გამოძიებას ჩვენებაც მისცეს. რაც შეეხება უშუალოდ მისი შვილის დაკავებას, თენგიზ კალანდია მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდია „გაწირეს“ და ირწმუნება, რომ ამ ამბავს შსს-ს, პროკურატურის და პარლამენტის არაერთი მაღალჩინოსანი შეეწირება.

- მიხეილ კალანდია უდანაშაულოა. ამას არ ვამბობ იმის გამო, რომ ჩემი ოჯახის წევრია. მას არც ხელნაკეთი იარაღი ჭერია, არც დანა, არც დანის ტარი, უბრალოდ, იჩხუბა, როგორც დანარჩენმა იქ მყოფმა ყველა ბავშვმა. თუ ასეა, მაშინ დასაჭერია ყველა ბავშვი, ვინც იქ იყო. დაკავების მოტივი ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტკურია. აქამდე ჩუმად ვიყავით, პირიქით, გამოძიებასთან ვთანამშრომლობდით, რომ სიმართლე დაგდგენილიყო, მაგრამ მათ ის სიმართლე დაადგინეს, რომელიც მათ აწყობდათ. ერთ-ერთ მსჯავრდებულს, რომელსაც მკვლელობას ედავებიან მეორე ბავშვის ასპექტში, ვერ უმტკიცებენ. სწორედ, ამიტომ ყველაზე მარტივ მიზნად მიხეილ კალანდია აირჩიეს, ვინაიდან ის ჩხუბში მონაწილეობდა და მასზე თავიდანვე იყო საზოგადოებრივი ინტერესი. გადაწყვიტეს, რომ ჯოხი მიხეილ კალანდიაზე გადაეტეხათ.

- პირველივე დღიდან ისმოდა თქვენი შვილის მისამართით ბრალდებები. ზაზა სარალიძე დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილის მკვლელობაში სხვა პირებთან ერთად სწორედ მიხეილ კალანდია მონაწილეობდა...

- იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ, ჩვენი ტრაგედია არაფრად მიგვაჩნდა და ჩუმად ვიყავით. ორი ბავშვი იყო გარდაცვლილი, როგორ შეიძლებოდა, ჩვენ რამეზე ხმა ამოგვეღო? თუ ხმას არ ვიღებდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამნაშავეები ვიყავით. იმ ტრაგედიის ფონზე, რაც მოხდა, ჩუმად ვიყავით, ჩვენი გაჭირვება და ჩვენი ტრაგედია არაფერი იყო იმ უბედურებასთან შედარებით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცაში დამნაშავეები ვიყავით, ან ვიღაცას ვემალებოდით. ახლა ასე აღარ იქნება! 2 დეკემბრიდან მოყოლებული ჩვენს ოჯახზე ზეწოლა იყო, ჯოხი გადაგვამტვრიეს.

- თქვენმა შვილმა სასამართლოში, პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა თქვენზე ფიზიკურად იძალადეს და ჩვენება ასე მიგაცემინეს, თუმცა მეორე დღეს ეს უარყო და განაცხადა, რომ მოიტყუა. ფიზიკურად გაგისწორდნენ?

- ჩემზე ფიზიკური ზეწოლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ არასრულწოვანი დის და დედის დაჭერით, თან მცემდნენ, ჩემი შვილები ცალკე ცემეს. ჩვენი ჩვენება, არცერთი არაა ჩვენი დაწერილი. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოგონილია, რათა თავიანთი სკამები შეენარჩუნებინათ. სარალიძეც და კალანდიას ოჯახიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა გამოიყენეს!

- შეგიძლიათ იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც გცემეს?

- კი ბატონო! გვარიც, სახელიც ვიცი და ხელსაც დავადებ, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. უბრალოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა. ამ ყველაფერს იმიტომ გეუბნებით, რომ ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ, სახელებს და გვარებს დავასახელებთ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს.

- თქვენმა შვილმა გამოძიებასა და სასამართლოში ჩვენება არაერთგზის შეცვალა. ვინ აცვლევინებდა მას ჩვენებებს?

- დაწერილი მიუტანეს და ძალით მოაწერინეს ხელი! კონკრეტულად ვინ აცვლევინებდა მას ჩვენებებს, არ ვიცი, მაგრამ ამ საქმეში მერაბ მორჩაძეა გარეული, რომელიც გ.ჯ.-ს ახლობელია და იმას მოკითხეთ. იმან უკეთესად იცის, ვის რა შეაცვლევინეს. იმ დროს მე ციხეში ვიჯექი და ისარგებლეს მომენტით, რომ 6 შვილი უპატრონოდ მიმიგდეს, მარჩენალის გარეშე და 8 სული შემოსავლის, ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ოჯახი ზეწოლისა და ტერორის ქვეშ იყო? ციხეში ისე ამომკეტეს, რომ ინფორმაცია არ მქონოდა, ჩემ ოჯახს კი, ჩემ შესახებ არ ჰქონდა ინფორმაცია. 8 თვე ისე ვიჯექი ციხეში, ჩემ ოჯახთან ერთი ზარი არ განმახორციელებინეს.

- თუ თქვენი შვილი დავით სარალიძის მკვლელობაში არ მონაწილეობდა, რატომ მოხდა თავიდანვე მისი ამ საქმეში დადანაშაულება?

- სარალიძე შეცდომაში შეიყვანეს, მას მოატყუეს, რომ სუბელიანს რაღაც ჰქონდა. გამოიყენეს სარალიძე. ძალიან მეცოდება, რა ტრაგედიაც მას შეემთხვა, ჩემს მტერსაც კი არ ვუსურვებ. შვილის სიკვდილი ძალიან მძიმეა, მაგრამ გაჭირვებული კაცის ნერვებზე, ტრაგედიაზე ითამაშეს, პოლიტიკური სარჩული დაუდეს. ის ჩვენს წინააღმდეგ აამხედრეს, ჩვენ მის წინააღმდეგ, გვარებით გადაგვკიდეს ერთმანეთს, რომ თვითონ სავარძლებში თბილად ისხდნენ თუნდაც, შინაგან საქმეთა სამინისტროში და თუნდაც, პარლამენტში. ასე უბრძოლველად არ გავჩერდებით, უდანაშაულო ბავშვს, 15 წლით ციხეში არ გავუშვებთ, იმიტომ რომ ვიღაცას ასე აწყობს!

- ვის გულისხმობთ?

- ეს აწყობს ნაკაიძეს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩემი შვილი ციხეში ჩამჯდარიყო. ნაკაიძე 9 თვეა ჩემს პროცესზე დასაკითხად ვერ მოიყვანეს, თუ არ მოიყვანეს. მთელი ოჯახი გაგვანადგურეს და როგორ ფიქრობთ, ეს შერჩებათ? ღმერთი ზემოდან იყურება და ასმაგად აგებენ პასუხს. ნაკაიძე არის მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს ბიძა, რომელსაც აქვს ბევრი ფული, რომელიც ბერა და ბიძინა ივანიშვილებთან დაახლოებული პირია.

- რა ინფორმაციის მატარებელია ის თქვენს საქმეზე?

- აბსოლუტურად ყველაფერი იცის ნაკაიძემ! მოსყიდვაში, ჩვენებების შეცვლაში რომ დაგვადანაშაულეს, ყველაფერში ფულს ნაკაიძე იხდიდა, რომ ყველაფერი ჩვენსკენ წამოსულიყო, რომ ბოლომდე ჩვენ გავწირულიყავით და თავისი ბოლომდე დაეძვრინათ.

- რას იტყვით იმ კადრებზე, რომელშიც ჩანს, თუ როგორ მოდის მირზა სუბელიანი თქვენთან სახლში სტუმრად და ამის შემდეგ, როგორ ანადგურებთ სავარაუდოდ, ნივთმტკიცებებს?

- სუბელიანი ჩემთან სტუმრად არ ყოფილა. ის ჩემი ოჯახის წევრია და ჩემთან სახლში შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოსულიყო, შეიძლება ერთი კვირა არ მოსულიყო. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ჩვენი შვილები ერთად გავზარდეთ. მისი სტუმრობა დაიხვიეს ხელზე. ნახონ სხვა კადრებიც, რამდენჯერ იყო სუბელიანი ჩემთან მანამდე მოსული, სანამ პირველი დეკემბრის ტარგედია მოხდებოდა. რაც აწყობთ, იმას ამბობენ.

- მტკიცებულებები არ გაგინადგურებიათ?

- არაფერი გაგვინადგურებია. რაც ვითომ, განადგურებული იყო, ყველაფერი ამოიღეს. სახლიდან გავიტანეთ მსჯავრდებული გ.ჯ.-ს სისხლიანი ტანსაცმელი და ეზოში, ჭაში ჩავყარეთ. ჩვეულებრივად ამოიღეს იქიდან ყველაფერი. რა დავმალეთ და რა გადავყარეთ? ჩემი შვილი იმ ღამესვე, ჩემი ხელით მივიყვანე პოლიციაში იგივე სამოსით, რაც ეცვა. სისხლიანი რომ ყოფილიყო ჩემი შვილი, დანა ჰქონოდა, ვინ აპატიებდა? უბრალოდ, ახლა მეტი გამოსავალი არ დარჩათ და ჩემი შვილი გაწირეს. მე არც ფული მაქვს და არც პატრონი მყავს, რომ წელიწადნახევარი ჩემთვის შეღავათი გაეწიათ და ჩემი შვილი გარეთ დაეტოვებინათ. არანაირი მასალა და ფაქტი არ არსებობს იმის, რომ ჩემმა შვილმა დანა გამოიყენა. დამნაშავეები, რომლებიც ციხეში სხედან და თავიანთი თავის გადასარჩენად, რაღაცას იტყვიან, ეს ჩვენება არაა.

ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? - პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენს საქმეში მონაწილეობა მიიღო, ვინც დაიკითხა და ერთი სიტყვა თქვა, ყველა თავიდან უნდა დაიკითხოს და დაადასტუროს თავისი ნათქვამი! დაწყებული პარლამენტიდან, პროკურატურით დამთავრებული. ყველამ უნდა გასცეს პასუხი, რა ხდება და რატომ? თუ ჩემი შვილი დამნაშავე არ იყო, რატომ აღმოჩნდა უცებ დამნაშავე? სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ დღეში რომ აღმოჩნდა დამნაშავე? იმ დღესვე უნდოდათ დაჭერა, იმ დღეს ჩემ სახლთან ნახევარი სამინისტრო ტრიალებდა. მეორე დღეს კი, სპეცოპერაცია მომიწყვეს, სასამართლოში მივდიოდი, ჩემი და ჩემი უფროსი ვაჟის პროცესი იყო, რომელზეც მიხეილ კალანდია იკითხებოდა, შუა გზაში გადაგვაყენეს, სპეცოპერაცია მოაწყვეს, თითქოს ქალაქიდან გავრბოდით! ქალაქიდან გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, წელიწადნახევარი მქონდა დრო იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გაქცეულიყო და ამას როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, იმიტომ რომ მართლები ვართ!

ეკა ლემონჯავა

„ინტერპრესნიუსი“

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს