გიგი წერეთელი - საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის მისწრაფებას პატივისცემა და მხარდაჭერა სჭირდება

ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა ბრატისლავაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ეუთოს სივრცეში მიმდინარე კონფლიქტების მოსაგვარებლად, ორგანიზაციის წევრებს მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარამენტიდან აცნობეს.

სიტყვით გამოსვლისას გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის საქართველოს უწყვეტი ოკუპაცია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის მიმდინარე აგრესია ტრანსატლანტიკურ და საერთო ევროპული მოქმედების გააქტიურებას საჭიროებს.

„კონფლიქტებს, რომლებსაც თქვენ ნატო-ს საზღვრებთან ხედავთ, ეუთოს მთავარი საკითხებია, როგორც გეოგრაფიული ასევე ორგანიზაციის წევრობის თვალსაზრისით. საქართველო და უკრაინა ჩვენი ორგანიზაციის განუყოფელი წევრები არიან და მათი პრობლემები და გამოწვევები ჩვენი დისკუსიების ძირითადი თემებია. ამასთანავე, ნატოში ინტეგრაცია მათი სუვერენული უფლებაა, რასაც მეტი მხარდაჭერა და დაფასება სჭირდება. რამდენადაც ჩვენ ყველა მონდომებული ვართ კონფლიქტები პოლიტიკური გზებით მოგვარდეს, მოგიწოდებთ გააძლიეროთ თქვენი გავლენა , სამშვიდობო პროცესების და მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მოსახლეობის უფლებების დარღვევისა და მუდმივი საფრთხეების არსებობაზე.

სლოვაკეთის დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში გიგი წერეთელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მადელეინ მუნს და ასამბლეის გენერალურ მდივანს, დევიდ ჰობს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ეუთოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებს შორის მეტი კომუნიკაციის და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გიგი წერეთელმა ბრიტანელ კოლეგას 4-8 ივლისს, ლუქსემბურგში გასამართი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის განსახილველი თემატიკა გააცნო. ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელებთან შეთანხმდნენ მიგრაციის, ტერორიზმის წინააღმდეგ და უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურ თანამშრომლობაზე.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს