საქართველოს ნაციონალური პავილიონი პრაღის კვადრიენალეზე მეოთხედ წარდგება

6-16 ივნისს, სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმი პრაღის კვადრიენალე ჩატარდება, სადაც საქართველო ნაციონალური პავილიონით მეოთხედ წარდგება. ექსპოზიციას „გახსნილი წრე“ ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი - საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი წარადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ნაციონალური პავილიონი „გახსნილი წრე“ ქმნის არტ-ტერიტორიას, რომლის მთავარი იდეაა ომისა და ომისშემდგომი ტრავმული საზოგადოების მდგომარეობაზე შემოქმედებითი რეფლექსიები. საქართველოს ნაციონალურ პავილიონში წარმოდგენილი იქნება სამი თაობის რეჟისორ-სცენოგრაფების ნამუშევრები, რომელთა შემოქმედება ეტაპობრივად არღვევს მე-20 საუკუნის ლოგოცენტრული თეატრის კლიშეებს, ტრანსფორმაციას განიცდის ახალი გამომსახველობის ძიებაში და 21-ე საუკუნის ათიანი წლების მხატვრულ ნარატივს ქმნის. პავილიონის წრიულ ინსტალაციაში ეკრანებზე სპექტაკლების ვიდეოკლიპები იქნება ნაჩვენები - რეჟისორების დავით დოიაშვილის „ბალიშის კაცუნა“ და „ტარტიუფი“, ნიკოლოზ საბაშვილის „საქართველო“, გურამ მაცხონაშვილის „გათვლა“ და „ანტიმედეა“, დათა თავაძის „ტროელი ქალები“ და სცენოგრაფ შოთა ბაგალიშვილის „დიდი შესვენება“.

სამინისტროს ინფორმაციით, პრაღის კვადრიენალე არის სცენისა და პერფორმანსის დიზაინის სფეროში უდიდესი მსოფლიო ფორუმი, რომელიც 1967 წელს სცენოგრაფიის, თეატრალური არქიტექტურისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო მიღწევების ექსპონირებისთვის დაარსდა. იგი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია „ქვეყნებისა და რეგიონების სექცია“, რომელშიც 2019 წელს 79 ქვეყანა მონაწილეობს.

2019 წლის კვადრიენალეს მთავარი თემაა „ტრანსფორმაცია“ და მოთხოვნადია მონაწილე ქვეყნების კლასტერული გაერთიანება. აუცილებელი პირობაა უკედლო, ღია სივრცეში ყოველი ქვეყნისთვის განკუთვნილ 25 მ/კვ ფართზე ექსპოზიციების შექმნა, რომლებიც ეხმიანებიან ერთმანეთს. ამ პირობის გათვალისწინებით საქართველო გაერთიანებულია სომხეთთან და უკრაინასთან ერთ კლასტერში. უკრაინის პავილიონი წარმოადგენს სადისკუსიო სივრცეს, სადაც სხვადასხვა თემატური შეხვედრა და პრეზენტაცია გაიმართება.

კვადრიენალეს ფარგლებში განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის OISTAT-ის მსოფლიო ფორუმი და სხვადასხვა თემატური სექციების/კომისიების სამუშაო შეხვედრა, რომლებშიც საქართველოს დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება პრაღაში, ინდუსტრიულ სასახლეში გაიმართება.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საელჩო პრაღაში და სადაზღვევო კომპანია „არდი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა