10 უკრაინელი ბავშვი უკვე თბილისის აეროპორტში იმყოფება და მალე სამშობლოში გაფრინდებიან

10 უკრაინელი ბავშვი უკვე თბილისის აეროპორტში იმყოფება და მალე სამშობლოში გაფრინდებიან. მათ სამშობლოში დასაბრუნებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თბილისში საკუთარი ბორტი გამოაგზავნა.

აეროპორტში ბავშვებს უკრაინული მხარის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ბრალდებული იულია სუსლიაკის ბავშვების უკრაინაში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. უფრო კონკრეტულად, 6 ბავშვი იულია და იური სუსლიაკებს სუროგაციის გზით ჰყავთ გაჩენილი. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა