უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი - მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს

მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ნიკალაი კულევმა ჟურნალისტებს აეროპორტში 10 უკრაინელი ბავშვის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იულია და იური სუსლიაკების ისტორიაში ძალიან მარტივია დაბნევა.

„სინამდვილეში, ძალიან მარტივია ამ ისტორიაში დაბნევა და გვესმის, საქართველოს ხელისუფლება რატომ ააფორიაქა ამ სიტუაციამ, როდესაც ნახეს, რომ ამ ბავშვებიდან ექვსი მათგანი ორ წელზე პატარაა, ერთი მათგანი ამერიკის მოქალაქეა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა გააჩინა ეჭვი, რომ აქ შესაძლოა ბავშვებით ვაჭრობასთან გვქონოდა საქმე. გვესმის, რომ თავად იმ ფაქტმაც, რომ ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთისკენ მიემართებოდა, საჭირო გახადა სიტუაციაში გარკვევის აუცილებლობა. მადლობელი ვართ საქართველოს ხელისუფლების, რომ მათ დროული რეაგირება მოახდინეს და ბავშვებზე იზრუნეს. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები ცუდ ფიზიკურ მდგომარეობაში იყვნენ, ადგილი ჰქონდა მათ მოწამვლასაც და საკმაოდ სწრაფად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, სოციალურმა სამსახურმაც იზრუნა მათზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინელი ბავშვები საქართველოში საიმედო ხელში იყვნენ,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ბავშვთა უფლებების საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკის ადვოკატის მიერ გავრცელებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედა იულია სუსლიაკია, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა. უფრო კონკრეტულად, 6 ბავშვი იულია და იური სუსლიაკებს სუროგაციის გზით ჰყავთ გაჩენილი. ეს ბავშვები ბიოლოგიური და-ძმანი არიან მამის ხაზით.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე