ნათია თურნავა - ფოთის პორტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის ინვესტორის მხრიდან გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ანაკლიის პორტის ინვესტორის მხრიდან მყისიერი გადაჭარბებული რეაქცია მოჰყვა. როგორც პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე ნათია თურნავამ განმარტა, საბოლოო ჯამში ინვესტორები მიხვდნენ, რომ აღნიშნული „არ იყო ისეთი ქეისი, რომელიც ხმაურის ატეხვად ღირდა“.

ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტის არის სახელმწიფოს პრიორიტეტი და პროცესი ვერ დაზარალდება.

„სხვათაშორის გვქონდა კომუნიკაცია ბანკებთან. არანაირი განსაკუთრებული გადაჭარბებული რეაქცია ბანკების მხრიდან ამ საკითხზე (ფოთის პორტის მშენებლობაზე) არ არის, არადა ეს არის მთავარი წყარო ფინანსური პაკეტის შეკვრის. იყო მყისიერი გადაჭარბებული რეაქცია ინვესტორის მხრიდან, ძალიან გადაჭარბებული. შენიშვნაც იყო ჩვენი მხრიდან გამოთქმული, რომ ჯობია ფოკუსირებული იყოს იმ ამოცანებზე, რომელიც ახლა უდგას და ძალიან საპასუხისმგებლო ამოცანებია, დროულად შეკრას ფინანსური პაკეტი და წინ წავიდეთ პროექტში. როგორც ჩანს ინვესტორიც მიხვდა, რომ ეს არ არის ისეთი ქეისი, რომელზეც ღირს ასეთი ხმაურის ატეხვა და ეს პირიქით დააზარალებდა ანაკლიის პროექტს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 29 მაისს ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

30 მაისს საკითხს გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე. როგორც მინისტრი განმარტავს, ის დოკუმენტი, რაც ფოთში ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" მიიღო, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დარღვევებით გაიცა.