ნაზი ჯანეზაშვილი - მოსამართლეებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი

მოსამართლეებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ, რომელზეც საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების კანდიდატებად რეგისტრაციაზე იმსჯელა.

"დღეს ჩემთვის იყო ძალიან შემაძრწუნებელი დისკუსია მოსამართლეების მხრიდან. მათ გააზრებული აბსოლუტურად არ აქვთ იმ პროცესის მნიშვნელობა, რომელიც დღეისთვის მიდის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მათ აბსოლუტურად არ ესმით ინტერესთა კონფლიქტის მთავარი არსი. ისინი ვალდებულები არიან, რომ როცა კოლეგიური ორგანოს შემადგენლობაში არიან, არ მიიღონ მონაწილეობა იმ კანდიდატურასთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღებაში, რომელთანაც აქვთ პირადი ინტერესი და მით უმეტეს, აკავშირებთ ძალიან მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა და ფაქტობრივად, ის არის მისი ოჯახის წევრი. როგორც ჩანს, თამარ ონიანი მთელი ამ პროცესის განმავლობაში იქნება ჩართული, მიიღებს მონაწილეობას სხვა კანდიდატურებთან დაკავშირებით, ასევე, თავისი მაზლის შეფასებაშიც, რაც ჩემთვის სრულიად გაუგონარი რამ არის მოსამართლის მხრიდან. მოსამართლეებს ყველაზე კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტი და რას ნიშნავს ის, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს ეჭვები მათ მიკერძოებულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების დროს. მაგრამ ცხადია, რომ თამარ ონიანის ხმა დააკლდებოდა ამ „კლანის“ წევრებს და როგორც ჩანს, სწორედ ამისთვის იბრძოლეს. ბუნებრივია, ხმების დაკლებაზე ვერ გარისკავდნენ, ვერ მიიღებდნენ ასეთ გადაწყვეტილებას და ამიტომაც ჩემი შეთავაზება, ჩემი მოთხოვნა იყო იგნორირებული მათი მხრიდან", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ თამარ ონიანს თვითაცილებისკენ მოუწოდეს, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების 144-კაციანი სიიდან ერთ-ერთი, ზურაბ აზნაურაშვილი მისი მაზლია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი