ლაურა ღაჭავა - მთავარია, რომ ანგარიშზე ინკასო და ყადაღა მოიხსნას - თუ პასუხს არ მივიღებთ,  იძულებულები გავხდებით, რომ ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ

“ჩაინა ლილო სითის” მფლობელი ლაურა ღაჭავა აპირებს, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენის მიზეზების გასარკვევად უცხოელი ექსპერტები დაიქირაოს. როგორც ღაჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რა პასუხიც არ უნდა მიიღოს ხანძრის მიზეზებზე ქართველი ექსპერტ-კრიმინალისტებისგან, უცხოელ ექსპერტებს ყველა შემთხვევაში ჩართავს.

მისი თქმით, ექსპერტები "ჩაინა ლილო სითიში" გაჩენილი ხანძრის შესასწავლად 2-3 დღის განმავლობაში ჩამოვლენ. ღაჭავას განცხადებით, ამ დროისთვის, მის კუთვნილ 5 კომპანიას ყადაღა და ინკასო ადევს, რის გამოც ვერ ახერხებს თანამშრომლების ხელფასების, საბანკო ვალდებულების დაფარვას და ბიუჯეტში ფულის შეტანას. ღაჭავას განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კითხვით, რატომ ადევს ინკასო და ყადაღა მის კომპანიებს, თუმცა პასუხი ჯერ ვერ მიიღო.

ლაურა ღაჭავას განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში კვლავ ვერ მიღებს, აპირებს სარჩელით ევროპის სასამართლოს მიმართოს.

„ჯერჯერობით, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ყველა ინსტანციაში განაცხადი, წერილები გვაქვს შეტანილი და გვაინტერესებს რეაგირება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ალბათ, ხვალამდე დაველოდებით, რადგან სავარაუდოდ, ხვალამდე ექსპერტიზის დასკვნასაც მივიღებთ. შემდეგ უკვე იძულებულნი გავხდებით, რომ ყვალანაირად დავიწყოთ სამართლებრივი ბრძოლა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. პირველ რიგში, ჩემთვის მთავარია ის, რომ ანგარიშზე ინკასო და ყადაღა მოიხსნას. შესაბამისი ორგანიზაციებიდან თუ პასუხს არ მივიღებთ, მერე იძულებულები გავხდებით, რომ ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ. ანუ ყადაღა ებრძვის " ლილო სითის", "კომერც გრუპს" ანუ უკვე 25 დღეა, რაც ჩემს ყველა შპს-ს ყადაღა და ინკასო ადევს. 25 დღე წარმოებისთვის ძალიან დიდი დროა, რადგან გამიჩერდა სამკერვალო ფაბრიკა, უცხოელებთან კონტრაქტს ვერ ვდებთ იმ მიზეზით, რომ ანგარიში დაბლოკილია და საჭირო თანხას ვერ მირიცხავენ. ამდენად, ვითარება იმგვარად მიდის, რომ ნელ-ნელა, მიზანმიმართულად მაკოტრებენ. ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ გაკოტრებას მოვერიოთ. მე მივიღებ კონსულტაციას სხვა იურისტებისგანაც. არ ვიცი, რა ინტერესია ამ ზიანის მიყენების თაობაზე, რატომ დამედო ყადაღა, ეს არ ჩანს. ვითხოვ, რომ გვითხრან შემოწმების, ჩხრეკისა და ყადაღის საფუძველი. ამაზე პასუხი ჯერ არ მიმიღია, ამიტომ იძულებული გავხდები, მივმართო სამართლებრივ გზას“, - განაცხადა ღაჭავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს