საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა სარჩელები „მედიის განვითარების ფონდი“ და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილ კონსტიტუციური სარჩელები „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტებისა და მათში მოცემული პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო ნორმებს. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები გამორიცხავდა სასამართლოს აქტებში მოცემული პერსონალური მონაცემების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემას და მათი გასაჯაროების შესაძლებლობას უშვებდა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა გაცემა კი სრულად იკრძალებოდა მონაცემთა მფლობელის თანხმობის გარეშე. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ამგვარი რეგულაცია ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ კანონმდებლობა ადგენდა სამართლიან ბალანსს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს შორის. კერძოდ, მისი მტკიცებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის პირობებში, დაშვებული იყო პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესაძლებლობა, ხოლო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, ამ ინფორმაციის განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე, არ უნდა გასაჯაროებულიყო მონაცემის სუბიექტის თანხმობის გარეშე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს აქტები განეკუთვნება საჯარო დაწესებულებაში არსებულ იმ ტიპის ინფორმაციას, რომელზე ხელმისაწვდომობის მიმართაც თავისთავად არსებობს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ხელმისაწვდომობა უაღრესად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების საზოგადოებრივი კონტროლის, მისდამი საზოგადოების ნდობის, სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და სამართლებრივი უსაფრთხოების კონსტიტუციური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საგამონაკლისო შემთხვევებში, გადაწყვეტილებაში ასახული ინფორმაციის სენსიტიურობის გათვალისწინებით, პირადი ცხოვრების უფლების დასაცავად, შესაძლოა, საჭირო გახდეს პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა, თუმცა ამას არ უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი. სასამართლოს აქტის ღიაობის საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასდეს რა გავლენას ახდენს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება პირადი ცხოვრების უფლებაზე და გადაწონის თუ არა იგი სასამართლო აქტის ხელმისაწვდომობაზე საზოგადოების მომეტებულ ინტერესს.

სადავო ნორმები აღნიშნული წესრიგის საპირისპირო ბალანსს ადგენდა და ბლანკეტურად, კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასების შესაძლებლობის გარეშე ზღუდავდა სასამართლო აქტის სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მოწესრიგება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილ ინფორმაციის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი) და არაკონსტიტუციურად სცნო იგი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში აღარ იარსებებდა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით სასამართლოს აქტების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შედეგად, შესაძლებელია, დარღვეულიყო იმ პირთა პირადი ცხოვრების უფლება, რომელთა პერსონალური მონაცემებიც მოცემულია ამა თუ იმ სასამართლო აქტში. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები ძალადაკარგულად ცნო 2020 წლის პირველი მაისიდან და საქართველოს პარლამენტს მისცა ვადა საკითხის კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოსაწესრიგებლად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა