ლევან დავითაშვილი - ჩვენ ხორბლის სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, შპს „ლომთაგორას“ ორგანიზებით, ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ლომთაგორა“ 2013 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. აშენდა მარცვლეულის შესანახი საწყობი, დამონტაჟდა მარცვლეულის საშრობი. საწარმო წელიწადში 2000 ტონა მარცვლეულს ინახავს. კომპანიაში 20 ადამიანია დასაქმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მეხორბლე ფერმერებთან და მეწარმეებთან ერთად, „ლომთაგორას“ სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.

ღია კარის დღეების ფარგლებში, ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის ისეთი ენდემური ჯიშები, როგორებიცაა: ჩელტა ზანდური, გვაწა ზანდური, მახა, დიკა, დოლის პური, შავფხა და ტრიტიკალე„ ჰელტოპი” რაფსი.

„ბოლო წლებში სახელმწიფომ სისტემური მიდგომა დაიწყო მარცვლოვანი კულტურების განვითარების, განსაკუთრებით კი ხორბლის განვითარების მიმართულებით, რაც უკავშირდება სათესლე მასალის სწორად შერჩევას. ეს დიდ სამეცნიერო სამუშაოებს მოიცავს და აქ მნიშვნელოვანია კერძო სექტორის როლი და ფერმერების აქტიური ჩართულობა. ღია კარის დღეებს, ე.წ., „მინდვრის დღეებს“ ყოველ წელს ვმართავთ. ჩვენი გვინდა ადგილობრივ ფერმერებს ერთობლივი მუშაობით შევარჩიოთ სწორი სათესლე მასალა, რაც კომერციული წარმოების პირობებში უფრო პროდუქტიულ და უფრო მაღალ შედეგებს მოგვცემს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ საკანონმდებლო ბაზა შექმნა, რომელიც სავალდებულო წესით ხორბლის სათესლე მასალის სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

ქართული ენდემური ჯიშები განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს სელექციონერებისთვის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს არის უნიკალური გენოფონდი რომელსაც აღიარება და დაცვა სჭირდება.

„მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ ქართული ხორბლის კულტურა წარადგინა. ხორბალი ჩვენი ერის ფორმირების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ სელექციის და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღია კარის დღეების ფარგლებში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ახალი ტექნოლოგიებით გამოყვანილი ხორბლის თესლის წარმოებაზე იმსჯელეს, რომელიც შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებში უკვე გამოიყენება.

დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას, ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა