ჯანდაცვის მინისტრის ცვლილება თუ სინამდვილეს შეესაბამება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების ცვლილება ჯანდაცის სფეროში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს და პრობლემებს „ქართული ოცნების" პირობებში ვერაფერს უშველის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის დავით სეერგენკოს მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვებას გამოეხმაურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ჯანდაცვის სფეროში თანხების არასწორი ხარჯვის ავტორი არის „ქართული ოცნება". მისივე თქმით, თანხები ამ სფეროში ისე გაიფლანგა, რომ პაციენტებამდე ვერც კი მივიდა. ჭიაბერაშვილის თქმით, ამის დასტურია თუნდაც ქრონიკული მედიკამენტების პროგრამა და C ჰეპატიტის პროგრამა.
„აქ, მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რომელიც საბოლოოდ აკლდება ათიათასობით პაციენტს. ამის გამოა, რომ მედიკამენტების პროგრამა უფუნქციოა და ვერ ხერხდება მისი ჩართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, იმისთვის, რომ გაძვირებულ მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. წარმოუდგენელი მგონია,რომ სერგეენკოს ან სავარაუდოდ, მისი შემცველის პირობებში რაიმე შეიცვალოს, ვიდრე არ იქნება ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.