ზაქარია ქუცნაშვილი - არ ვაპირებთ მართლმადიდებლურ სამყაროს გავემიჯნოთ იმიტომ, რომ ეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას"

არ ვაპირებთ მართლმადიდებლურ სამყაროს გავემიჯნოთ იმიტომ, რომ ეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას" ან იმიტომ, რომ 23 ქვეყანას შორის ერთ-ერთი მართლმადიდებლური ქვეყანა არის რუსეთი. პირიქით, ვაპირებთ, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ, რათა გავაგებინოთ ამ სამყაროს, ყველა სხვა წევრ ქვეყანას, რა მოხდა 2008 წელს ჩვენს სამშობლოში, რა მოხდა გასული საუკუნის 1990-იან წლებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების " წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა თბილისში 19 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის გამართვას.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის განცხადება, რომ ასამბლეის მონაწილე სერგეი გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ასამბლეის მონაწილე ორ დეპუტატს აქვს დარღვეული, რომლებსაც შესაბამისად საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ. ქუცნაშვილის განმარტებით, ერთის გვარია ზატულინი, მეორე პირის გვარს კი როგორც მან აღნიშნა, მედიას მიაწვდის.

ქუცნაშვილის განმარტებით, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 26 წელია არსებობს საქართველო მასში ბევრი წელია, რაც წარმოდგენილია.

ქუცნაშვილის თქმით, სახელმწიფო არ მუშაობს უპასუხისმგებლო ფორმატით, სახელმწიფოს აქვს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც სწავლობენ ვის აქვს და ვის არ აქვს დარღვეული ეს კანონი.

„შესაბამისად, ჩვენ მკაცრ ფილტრში გავატარეთ დელეგაციის ყველა წევრი. ორ ადამიანს ეთქვა უარი იმის გამო, რომ დარღვეული ჰქონდათ ოკუპაციის შესახებ კანონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა გენერალური ასამბლეის მასპინძლობის საკითხი თბილისში, ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ დაგვიხევია უკან“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა" მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს და მოითხოვს, დუმის დეპუტატი გავრილოვი საქართველოში არ შემოუშვან.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს