ადვოკატი - ბიძის მიერ მოკლულ ძმისშვილს 25 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა - ოჯახის მოთხოვნაა, ექიმებთან ერთად დაისაჯონ სამართალდამცველები

რუსთავში ბიძის მიერ მოკლულ 13 წლის გოგიტა ირემაძეს 25 სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოკლული მოზარდის ოჯახის ადვოკატმა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელმა, ეკა ქობესაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, ექიმებთან ერთად, სამართალდამცველებიც დაისაჯონ, ვინაიდან მათ შემთხვევის ადგილზე მყისიერად არ იმოქმედეს.

„დაზარალებულის უფლებამონაცვლის, თამარ გოგოჩაშვილის სამართლებრივ ინტერესებს ვიცავ. გოგოჩაშვილი იმ 13 წლის ბავშვის დედაა, რომელიც საკუთარმა ბიძამ მოკლა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის არაერთი განცხადებით გვაქვს მიმართული, რომ აღნიშნულ საქმეზე ყველა იმ თანამშრომლის საქმის შესწავლა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოხდეს, ვისმა სამსახურეობრივმა უმოქმედობამაც გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია.

გვაქვს იმის განცდა, რომ გამოძიება ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით შემოფარგლოს აღნიშნული საქმე. დეტალურად უნდა იყოს საქმე შესწავლილი პოლიციის თანამშრომლების მიმართაც. როგორც მოგეხსენებათ, პოლიციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ მიერ არაჯეროვნად შესრულებულმა სამსახურეობრივმა მოქმედებამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. ვიმედოვნებთ, აღნიშნულ საქმეზე მხოლოდ და მხოლიდ ერთი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი არ იქნება დაყენებული.

ოჯახის კატეგორიული მოთხოვნაა, დაისაჯონ სამართალდამცველები, ვინაიდან თვითმხილველი მოწმეები ამბობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს რეაგირება მყისიერად განეხორციელებინათ, შესაძლოა, ბავშვი არ ყოფილიყო მოკლული", - განაცხადა ქობესაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ფსიქიკური პრევენციის ცენტრის ექიმი დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება ედება.

რაც შეეხება, მოკლული მოზარდის ბიძას, ვალერი ირემაძეს, მის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. მას ორწლიანი ნებაყოფლობითი მკურნალობა მიესაჯა. ირემაძე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს