გაეროს მოხსენება - ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაში  თანამონაწილე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცია

გაეროს მოხსენების თანახმად, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაში თანამონაწილეები არიან საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი და ამ სახელმწიფოს სხვა თანამდებობის პირები. გაერო მათ მიმართ საერთაშორისო გამოძიების ჩატრებას მოითხოვს. მოხსენება არასასამართლო ანგარიშსწორების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ანიეს კალამარმა გამოაქვეყნა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გაეროს სპეცმომხსენებელი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა თურქეთში, სადაც მას წარუდგინეს ამ სახელმწიფოს ხელთ არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, საუდის არაბეთის სტამბოლის გენერალურ საკონსულოში მკვლელობის მომენტში ჩაწერილი აუდიოფაილები.

„ჩემს მიერ თურქეთში ყოფნისას შეკრებილი მტკიცებულებები მოწმობს, რომ ჰაშოგი გახდა სასტიკი და წინასწარგანზრახული მკვლელობის მსხვერპლი, რომელიც დაგეგმეს და განახორციელეს საუდის არაბეთის თანამდებობის პირებმა... ეს ფაქტი მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის გაეროს დაუყოვნებლივ ჩარევას“, - განაცხადა ანიეს კალამარმა.

ის გმობს იმ ფაქტსაც, რომ გამოძიება საუდის არაბეთში 11 ეჭვმიტანილის მიმართ სრულიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს და მათ გამჭვირვალობისკენ, ასევე ჰაშოგის ოჯახისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურებიც მიიჩნევენ, რომ მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა პირადად გასცა ჰაშოგის ლიკვიდაციის ბრძანება, რომელიც პრინცს ხშირად აკრიტიკებდა. საუდის არაბეთი ამ ეჭვებს უარყოფს.

ჯამალ ჰაშოგი 2018 წელს, 2 ოქტომბერს მოკლეს სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოს ტერიტორიაზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს