ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2019

გია ხუხაშვილი - “თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, შესაძლოა, გახარიას გადადგომაც არ აღმოჩნდეს საკმარისი”

ახალი ეკონომიკური ომის ქრონიკები - რატომ დაემართა კრემლს მორიგი ანტიქართული ისტერია

ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი - “რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს”

* * *

გია ხუხაშვილი - “თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, შესაძლოა, გახარიას გადადგომაც არ აღმოჩნდეს საკმარისი”

“მოდი, უფრო ფართოდ შევხედოთ შექმნილ ვითარებას. საქმე ის არის, რომ ამ ე.წ. დაბალანსების პოლიტიკამ ჩვენი ხელისუფლება ძალიან გაბლანდა საგარეო პოლიტიკურ პროცესებში. დღევანდელ მსოფლიოში დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების დაბალანსების მცდელობები აღარ ამართლებს, მით უფრო ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც, ფაქტობრივად, არაფრის შეთავაზება არ შეუძლია გიგანტებისთვის. ჩვენი ხელისუფლება ამით ძალიან გაერთო რამაც, ჩანს, რუსეთს ილუზია შეუქმნა, რომ ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში საქართველოში ვითარების დალაგებას შეძლებდა… რას ნიშნავს რუსეთის მოქმედება ე.წ. რბილი ძალით? უპირველესად, პედალირებას ერთმორწმუნეობაზე და ამის საფუძველზე სახიფათო პროცესების სტიმულირებას. გავიხსენოთ დავითგარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, როდესაც პოლიტიკურ პროცესში სრულიად მოულოდნელად რელიგიური განზომილება გაჩნდა.…”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, შესაძლოა, გახარიას გადადგომაც არ აღმოჩნდეს საკმარისი”/ “დიახ, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მესმის, რომ არ უნდა, მაგრამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი”.

“ხელისუფლებამ რუსეთისთვის რაღაც მოლოდინი იმით გააჩინა, რომ შიდაპოლიტიკური პრობლემების დალაგება დაიწყო ულტრაკონსერვატიული ძალების მეშვეობით - ამ ბოლო დროს გაიმართა აქციები “მიუმხრობლობის”, ანუ ნეიტრალიტეტის მოთხოვნით. სწორედ ამ აქციებზე გაჩნდა დასავლეთიდან მომდინარე გარყვნილებისა და კომბლების თემები, როდესაც 50 კაცის გასაკოჭად 100 000-იანი ლაშქრის შეკრება გამოცხადდა და ა.შ. მოკლედ, ამ ყველაფერმა რუსეთს შეუქმნა ილუზია, რომ საქართველოში უკვე მომწიფდა ვითარება, ქვეყანა რუსეთისკენ გადაიხაროს. ამ ილუზიის პიკი იყო გავრილოვის პარლამენტში გამოჩენა, რაც საზოგადოებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ერთ დღეში ყველაფერი თავდაყირა დადგა... როდესაც ცდილობ საზოგადოების განწყობის შეუსაბამოდ იარო, საზოგადოებაში გროვდება მუხტი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით იწყებს მოქმედებას და ბოლოს ფეთქდება. აი, ეს მოხდა 20 ივნისს. მთელი ეს “სპეცოპერაცია” ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია. საზოგადოებამ მისცა მწვავე და აგრესიული რეაქცია, როდესაც დაინახა სერიოზული საფრთხე - ასე მიიღეს პასუხი რუსებმა. კრემლში დაინახეს, რომ მათი გეგმა წყალში გადაიყარა, ამიტომაც გადაირივნენ ასე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“იმაში, რაც იმ ღამეს მოხდა, ოპოზიციის პასუხისმგებლობაც აშკარაა, მაგრამ ვის უკვირს “ნაციონალური მოძრაობისგან” დესტრუქციული მოქმედებები? ეს ხომ მისი ბუნებაა. ამიტომაც მის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, რადგან ეს არის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომლის დაყენების შანსი “ქართულმა ოცნებამ” ხელიდან გაუშვა. ამიტომაც ყველაფერზე პასუხისმგებელი სწორედ “ქართული ოცნებაა”. ისმის კითხვა - აქციაზე, რომელიც მშვიდობიანად მიმდინარეობდა, რატომ წავიდა “ნაციონალური მოძრაობა” ძალადობრივ მოქმედებაზე? ჩემი აზრით, მას შეეშინდა, რომ პროტესტზე კონტროლი შეიძლებოდა აეღო “ევროპულ საქართველოს”. იმისთვის, რომ კონტროლი არ დაეკარგათ და ჩაეჩოჩებინათ “ევროპული საქართველო”, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ. მათ მართლაც მოახერხეს ყოფილი თანაგუნდელების ჩაჩოჩება, თუმცა პარალელურად მივიღეთ უმწვავესი და ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესები. ძალოვანი სტრუქტურების ქმედებები პირველ ეტაპზე შეგვიძლია ჩავთვალოთ სრულიად ლეგიტიმურად, რაც სამართლებრივ ჩარჩოში იჯდა, მაგრამ მეორე ეტაპზე აგრესიის აღკვეთის დროს გაჩნდა დარბევის ნიშნები. ჩვენ ვნახეთ უმძიმესი ვიდეოფირები, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ძალიან მძიმედაც. დაშალეს აქცია, მაგრამ შემდეგ დევნა და ცემა-ტყეპა უკვე სრულიად გაუმართლებელი იყო, თანაც ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი ძველი ჭრილობაც გახსნა. ჩვენ ტრავმირებული ერი ვართ, რომელსაც ბევრი უბედურება აქვს ამ ადგილას გადატანილი. ამანაც გამოიწვია პროტესტის ტალღის გადიდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რასაც ვუყურებ, ხელისუფლება ისევ არაადეკვატურია. კარგია, რომ კობახიძე გადადგა, ის ისედაც დიდი გაუგებრობა იყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და არსაიდან მოსული არსაით წავიდა. ახლა მნიშვნელოვანია, ის მოთხოვნები გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, რასაც უკვე დღეს ითხოვენ ახალგაზრდები. ვინც ამას “ნაცმოძრაობის” აქციას უწოდებს, ამით შვილებს აყენებს შეურაცხყოფას - ეს სახალხო პროტესტია! ჩვენ ვნახეთ 21 ივნისის აქციაზე პროტესტანტთა დამოკიდებულება ზოგადად პოლიტიკოსების მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ის ახალგაზრდობაა, რომელიც ქვეყნის მართვის ესტაფეტას ხვალ-ზეგ გადაიბარებს. შესაძლოა ისინი დღეს ტაქტიკურ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ არა უშავს. შეიძლება ხელისუფლებამ ამ გულანთებულ ახალგაზრდებს მოუგოს - უბრალოდ, არ გაითვალისწინოს მათი აზრი, არ მოუსმინოს და გაჭიანურებული აქციებით დაღალოს, მაგრამ ესეც რომ მოხდეს, ამით ხელისუფლების პრობლემა არ გადაწყდება, ის პრობლემები, რაც აქვს, კი არსად გაქრება, უფრო გაღრმავდება”, - ამბობს ექსპერტი.

“კრემლის ილუზია, რომ პირდაპირ ან ირიბ კონტროლს აღადგენდა საქართველოზე, დაიმსხვრა, რამაც გააბრაზა მისი ბინადრები, ამიტომაც უნდა ველოდოთ მათ შემდგომ ნაბიჯებს. დრო ცოტა გვაქვს, ამიტომაც უნდა იყოს ხელისუფლება ადეკვატური, პოზასა და ჯიბრში კი არ უნდა ჩაუდგეს პროტესტს, კი არ უნდა დაემალოს, არამედ უნდა გადაიხადოს ის პოლიტიკური ფასი, რომელსაც ითხოვენ მისგან, რათა ჩაცხრეს ეს ვითარება. რას ითხოვს ახალგაზრდობა? - პროპორციულ არჩევნებს, რაც კონსტიტუციაში უკვე წერია, უბრალოდ, ვადებია შესაცვლელი, და შს სამინისტროს ადეკვატურ პასუხს. მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ მოკვლევას ჩაატარებენ და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებებს, არ კმარა. ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირები, სადაც ჩანდა, როგორ არღვევენ კონკრეტული სამართალდამცავები კანონს. ყველა სასწრაფოდ უნდა დაისაჯოს... გახარიას გადადგომის მოთხოვნის დღის წესრიგიდან მოხსნა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ ის ადეკვატურად იმოქმედებს და სისტემაში შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. თუ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა, მაშინ შესაძლოა აღარც გახარიას გადადგომა აღმოჩნდეს საკმარისი”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“რუსეთის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეკონომიკურ რისკებს გაზრდის. მე ყურადღებას გავამახვილებდი არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ რისკებზე - ყველაზე მეტად მეშინია გაბრაზებული რუსეთის, რომელსაც კარგად ესმის, რომ დასავლეთი ეცდება პრაქტიკულად შეუქცევადი გახადოს დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ჩვენი ინტეგრაცია. კრემლი შეეცდება ამას ხელი შეუშალოს და რა მეთოდებს გამოიყენებს ამისთვის? - მე მჯერა ქართველი ხალხის ტოლერანტობის და დიდი იმედი მაქვს, რომ პროვოკაციის მოწყობა არავის გამოუვა, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ცუდად მენიშნა პუტინის გაფრთხილება, რომ საჰაერო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გარემო იქნება. ვინმე საშინაო თუ საგარეო პროვოკატორმა რამე რომ დაუშავოს რუსეთის მოქალაქეებს, ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამს პუტინი?! ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ! მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის მოვლენებზე, დროულად გადაიხადოს პოლიტიკური ფასი, ჩააქროს შიდა კრიზისი და მიხედოს საგარეო საფრთხეებს! თუ ასე არ მოიქცევა ხელისუფლება, მოგვიწევს დავასკვნათ, რომ მისთვის მთავარი სახელმწიფო კი არა, ძალაუფლებაა. ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება, ირეცხება ამ ქვეყანაში - ასეთია ისტორიული კანონზომიერება”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილსაც _ მან უნდა შეძლოს და გაუსწოროს მისთვის არასასურველ და დრამატულ რეალობას თვალი. მახსოვს, 2012 წელს ბევრს ვსაუბრობდით და გადაწყვეტილი გვქონდა, როგორც კი დადგებოდა ამის დრო, გავცლოდით ქართულ პოლიტიკას… არ მიმაჩნია, რომ ის ხელისუფლებას ეპოტინება, დარწმუნებული ვარ, უნდა წასვლა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მასზე ჩამოკიდებულია ძალაუფლება, ვეღარ ხედავს გასასვლელ კარს. ამიტომ პირადად მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და დავეხმარო ამ კარის პოვნაში. მზად ვარ შევბრუნდე პოლიტიკაში და მასთან ერთად ვიმუშაო იმაზე, რომ მივიყვანოთ ეს პროცესი 2020 წლის ღირსეულ, სამართლიან არჩევნებამდე. კონკურენტული არჩევნებით გადავაბაროთ ძალაუფლება იმ ძალებს, რომლებსაც აირჩევს ხალხი, და ამის შემდეგ მასთან ერთად დავტოვო ქართული პოლიტიკა. ამაზე დიდ საქმეს ბიძინა ივანიშვილი ვერც საკუთარ თავს და ვერც ქვეყანას ვერ გაუკეთებს. ეს იქნება ღირსეული წასვლა, რაშიც მზად ვარ დავეხმარო. თუ ის ამას უჩემოდ გააკეთებს, კიდევ უფრო ბედნიერი ვიქნები”, - დასძენს გია ხუხაშვილი და შეკითხვაზე – “თუ დაგთანხმდათ ამ შეთავაზებაზე, არ ფიქრობთ, რომ წასვლამდე ის ქვეყნის სათავეში ფორმალურად უნდა დაბრუნდეს?” – პასუხობს:

“სწორად სვამთ საკითხს. როცა ვამბობ, რომ მზად ვარ მივეხმარო-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება აღდგეს ქვეყანაში ინსტიტუციური წესრიგი, რაც ნიშნავს, რომ ძალისა და ინსტიტუციური ცენტრები თანხვედრაში მოვიდეს. დიახ, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მესმის, რომ არ უნდა, მაგრამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და აღადგინოს ინსტიტუციური წესრიგი, გახდეს ჯანსაღი არჩევნების ჩატარების გარანტი, აარიდოს ქვეყანას საგარეო თუ საშინაო რისკები და 2020 წლის არჩევნების შემდეგ წავიდეს!”

ახალი ეკონომიკური ომის ქრონიკები - რატომ დაემართა კრემლს მორიგი ანტიქართული ისტერია

“20 ივნისიდან თბილისში დაწყებული ანტირუსული აქციების გამო რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა. ვლადიმირ პუტინის 21 ივნისის განკარგულებით 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა დროებით ეკრძალებათ, იკრძალება როგორც რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა, ასევე გადაზიდვებიც. ამასთან, ტუროპერატორებსა და სააგენტოებს ეძლევათ რეკომენდაცია, აკრძალვის მოქმედების პერიოდში თავი შეიკავონ საქართველოში ტურების გაყიდვისგან. პუტინმა ხელისუფლებას ასევე დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ. პარალელურად, კრემლმა რუსეთიდან საქართველოში ფრენების აკრძალვის მოხსნის პირობებიც დაასახელა. “სიტუაცია საქართველოში უნდა ნორმალიზდეს და უნდა გაქრეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველანაირი საფრთხე”, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი. თუ როგორ შეფასდება საფრთხის არარსებობა, ამის შესახებ მას არ ულაპარაკია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი ეკონომიკური ომის ქრონიკები - რატომ დაემართა კრემლს მორიგი ანტიქართული ისტერია.

“პესკოვის განცხადებით, პუტინმა გააზრებულად მიუთითა 8 ივლისს, რადგან სწორედ ამ დროისთვის ტურების უმრავლესობის დრო იწურება. “ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება დაკავშირებულია საქართველოში ექსტრემისტულ გამოვლინებებთან, რომელიც ანტირუსულ ხასიათს ატარებს და რომელიც შეიძლება ჩვენი ტურისტების წინააღმდეგ იყოს მიმართული. ჩვენ არ შეგვიძლია საფრთხე შევუქმნათ ჩვენი ტურისტების სიცოცხლეს”, - განაცხადა მან. პუტინის გადაწყვეტილების კვალდაკვალ რუსეთიდან ქართველების “დასჯის” ახალ-ახალი მუქარები ისმის. მაგალითად, რუსეთის დუმის ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა მიხეილ დეგტიარევმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა კურორტისა და ყველა ქართული პროდუქციის ბოიკოტი - ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება “თბილისში რუსოფობიური გამოსვლების მორიგი ტალღის შემდეგ”. “დაე, უცადონ ტურისტებს აშშ-დან, ევროკავშირიდან და “ბორჯომი” ევროპულ ბაზარზე გაყიდონ”, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა. ეკონომიკური ომის გარდა მუქარის განცხადებები გაისმა გროზნოდანაც. რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ “გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია”. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს უზრუნველყოს, ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი რუსი ჟურნალისტების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. მოსკოვიდან აცხადებენ, რომ თბილისში “აგრესიულად განწყობილი რადიკალური ელემენტების მხრიდან” ტელეკომპანია “რასია 24”-ის გადამღებ ჯგუფზე იყო თავდასხმის მცდელობა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას გამოეხმაურა თბილისიც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, “საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს, უცხოელ ჟურნალისტებსა და ტურისტებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, არავითარი საფრთხე არ შექმნიათ და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებას. ამასთან, რუსეთის ფედერაციის ტელეკომპანიის ჟურნალისტების მონაწილეობით ცალკეულ მცირე ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება”. სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, პუტინის მიერ დაწესებულ მორიგ ეკონომიკურ ემბარგოს ეხმაურება და ამბობს, რომ შეეცდება რუს კოლეგას, კარასინს შეეხმიანოს და ამის შემდეგ გაკეთდება უფრო დეტალური განცხადებაც”, - განაგრძობს გამოცემა.

“რუსეთის მოქალაქეებისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა და არც არის. მიგეხსენებათ, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად ითვლება ტურისტული თვალსაზრისით. არის ტურისტების სერიოზული ზრდა და არანაირი პრობლემა მათ უსაფრთხოებისა არ ჰქონიათ... მოდით, ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ და მერე მოგახსენებთ... რა იქნება, პროგნოზების გაკეთება მიჭირს. კარასინთან კომუნიკაცია ჯერ არ მქონია, მაგრამ ახლო მომავალში მექნება. ამ ეტაპზე ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ანალიზისა და დასკვნებისთვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველა მოქალაქის ინტერესები. ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. ამჯერად ამ კომენტარით შემოვიზღუდოთ და მოგვიანებით უფრო ვრცლად გავისაუბროთ”, - განაცხადა აბაშიძემ. “ექსპერტთა კლუბის” წევრის, პოლიტოლოგ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, მოსკოვის მხრიდან ეკონომიკური ომის რეალური მოტივი არის ქართველების დასჯა პარლამენტის წინ გამართული ანტირუსული აქციის გამო”- დასძენს გამოცემა.

“რუსეთს ეგონა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში ქართულმა ერმა მიიძინა და რომ ქართველი ერი ოკუპაციის თემასა თუ რუსეთის თვითნებობაზე ისე მძაფრად უკვე აღარ რეაგირებს, რომ მან შეძლო საქართველო საკმაოდ მიება რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ უცებ მათთვის დავზარდამცემი ფაქტი აღმოჩნდა, რომ ქართველმა ერმა გაიღვიძა, ერთად გამოვიდა და ხმამაღლა თქვა, რომ დიახ, რუსეთი ოკუპანტია და რუსული კონტროლი საქართველოზე არ უნდა განხორციელდეს. ეს შეიძლება ერთგვარი შოკიც იყო მათთვის და ამიტომ მორიგი ანტიქართული ისტერია დაემართათ. გაბრაზებულ გულზე გადაწყვიტეს, დაესაჯათ საქართველო. რუსეთმა გადაწყვიტა, რომ საქართველოსთვის მტკივნეული იქნება ეკონიმიკური სანქციების კვლავ შემოღება, ისევე, როგორც ეს მოხდა 2006 წელს. მაშინ საქართველოს ეკონომიკა 70%-ით იყო მიბმული რუსეთზე და საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ცქიტიშვილი.

“დაახლოებით იგივე მცდელობაა ახლა. გარკვეულ ზარალს მიიღებს ქართული ტურისტული და სატრანსპორტო სფერო. თუმცა რუსი ტურისტების ნაწილი საქართველოში მაინც შემოვა, ან ლარსის გზით, ან იგივე ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანული ხაზები დაფრინავენ საქართველოსა და რუსეთს შორის. შემოსვლით შემოვლენ, მაგრამ რაოდენობა შემცირდება. რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და ამდენად, შესაძლოა კიდევ სხვა სახის სანქცია მოიფიქროს. რაზე წავა, რთული სათქმელია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, შეიძლება აკრძალონ ქართული ღვინო, რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტი სწორედ ღვინოზე მოდის. კარგია, რომ ჩინეთის ბაზარი გავხსენით. საჭიროა უფრო მეტი მუშაობა ახალ ბაზრებზე. ასევე შეიძლება გაიზარდოს საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციები. ერთი პროვოკაცია უკვე განახორციელეს, რომ თითქოს “რასია 24”-ის გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს საქართველოში, თუმცა არც კადრი და არც ადგილი, სად მოხდა ეს, ცნობილი არ არის. ამგვარი პროვოკაცია კიდევ იქნება. სამხედრო პროვოკაციას არ ველოდები. თუმცა ვიცით, რომ აგვისტო რუსებისთვის საყვარელი თვეა. 8 ივლისის შემდეგ დიდი სიფრთხილე გვმართებს, თუნდაც რუსი ტურისტების მიმართაც. იმიტომ, რომ შესაძლოა თვითონ მოაწყონ პროვოკაცია რუსი ტურისტების მიმართ, რომ შემდეგ ჩვენ დაგვაბრალონ”, - მიიჩნევს ცქიტიშვილი.

ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი - “რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს”

“საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი მქონდა მომზადებული მართლმადიდებლურ სოლიდარობაზე, რომლის წარდგენასაც ასამბლეაზე ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აქამდე არ მივიდა საქმე. ჩემი ქართველი კოლეგები სავსებით სამართლიანად გააღიზიანა აგრესორი ქვეყნის აგრესორი პოლიტიკოსის მიერ მათი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გამოჭიმვამ და რაც მე მითხრეს, თუ მართალია - რომ გავრილოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მაშინ სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მათ და მესმის მათი გულისწყრომა”, - აცხადებს თბილისში გამართული საპარლამენტშორისო მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, უკრაინის რადას წევრი ვიქტორ იელენსკი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში სათაურით “რუსეთი არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს” / “რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც შეიჭრა სამ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ომი გააჩაღა - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამის მერე რა მართლმადიდებლურ სოლიდარობასა და საერთო რწმენაზეა ლაპარაკი?”

“როდესაც სასტუმრო დავტოვეთ, უკვე შეკრებილი იყო ხალხი, რომელიც ამ ფაქტს აპროტესტებდა და მე მათთანაც დავაფიქსირე, რომ მხარს ვუჭერდი და ვიზიარებდი მათ პოზიციას - უგუნური უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, ვინ არის აგრესორი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში. ამის გამო რუსულმა მედიამ პროვოკატორად და ქართულ­-რუსული დაპირისპირების გამჩაღებლად მომნათლა, რაც სრულიად არ გამკვირვებია. მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ ქართველი საზოგადოება ჩემი დახმარების გარეშეც მშვენივრად ხედავს და იაზრებს, თუ რა არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ვინ არის ფარისეველი, თვალთმაქცი და შუღლის რეალური გამჩაღებელი. მოგვიანებით, უსაფრთხოების მიზნით, უკრაინის საელჩოში გადამიყვანეს, დილით კი ქვეყანა დავტოვე. ორიოდე სიტყვით თავად ასამბლეაზეც - ეს არის ეფემერული პლატფორმა, რომელიც კრემლის ინტერესებს ემსახურება და, ვფიქრობ, დროა, სხვა მართლმადიდებელმა ერებმა გამყოფი ხაზი გავავლოთ რუსეთთან და ასამბლეის ისეთი ფორმატი შევიმუშაოთ, სადაც რუსეთი საკუთარ ნარატივს თავზე ვერ მოგვახვევს. ქართველები, სერბები, რუმინელები, უკრაინელები - საკმარისად ვართ მართლმადიდებელი საზოგადოება, რომელსაც არ სჭირდება კრემლის ნაქადაგები ყალბი სულიერება. ასამბლეის ახლანდელი ფორმატის ერთადერთი მიზანია, რუსი პოლიტიკოსები კეთილისმყოფელ ქრისტიანებად წარმოგვიდგინოს, რაც ისევე შორს არის სიმართლისგან, როგორც თავად რუსეთი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულისკვეთებისგან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ იელენსკი.

“რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც შეიჭრა სამ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ომი გააჩაღა - საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ამის მერე რა მართლმადიდებლურ სოლიდარობასა და საერთო რწმენაზეა ლაპარაკი? ბიბლიის რომელი მონაკვეთი გვიქადაგებს, რომ უნდა დაიპყრო, ამოხოცო და დაბომბო ხალხი, რომელსაც “სარწმუნოებრივ ძმებად” მიიჩნევ? ეს კრემლის ხრიკია, რომელსაც ერთხანს ოსტატურად იყენებდა, მაგრამ უკვე ყველაზე უგუნურებსაც კი აეხილათ თვალი. არავისთვის აღარ არის საიდუმლო, რომ რუსული ეკლესია სხვა არაფერია, თუ არა მორიგი იარაღი და ბერკეტი კრემლის არსენალში. სხვა რომელი ეკლესია იცით, რომელიც ბირთვულ იარაღს აკურთხებს? უკრაინის ავტოკეფალია გავიხსენოთ - პუტინმა უსაფრთხოების საბჭო მოიწვია, რომ ეს აღეკვეთა, ეკლესიამ კი ამაზე ხმა არ ამოიღო. რუსმა ჰაკერებმა სცადეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არქივებში შეღწევა - რაღაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი სარწმუნოებრივი სათნოებისა და სიყვარულის მაგალითად. ის არის მტერი, რომელიც არ თაკილობს, იარაღად საერთო რწმენაც კი გამოიყენოს. ნებისმიერი ჭკუათამყოფელი ადამიანი საქართველოსა და უკრაინაში იზიარებს ამ პოზიციას”, - განაგრძობს თბილისის მართლმადიდებლურ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი.

“უკრაინის ეკლესიაში განხეთქილება არ არსებობს და არც ერთმანეთს ვწვდომივართ ყელში, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მედიას ძალიან სურს ასეთი სურათი დახატოს. რაც ხდება, არის უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა ეკლესიის მაღალი რანგის ფიგურათა შორის გარკვეულ საკითხებზე. ეს მისაღებია, ამაში არაფერია კოშმარული. მეორე მხრივ, მოსკოვის პატრიარქიის ერთ-ერთმა არქიეპისკოპოსმა ახლახან პატრიარქი კირილი ანათემას გადასცა და განაცხადა, რომ ის ჯოჯოხეთში დაიწვება, თუმცა წაიკითხეთ რამე ამის შესახებ რუსულ გაზეთებში? რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს ხელს არ აძლევს კრემლს. სიმართლე თუ გინდათ, ჩვენი ეკლესია ვითარდება, ფართოვდება და, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს არც კრემლს და არც მოსკოვის საპატრიარქოს. პროგრესი გვაქვს ავტოკეფალიის აღიარებაშიც, რაც მოსვენებას არ აძლევთ მოსკოვში”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “რაც შეეხება აღიარებას, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას. როგორ ფიქრობენ უკრაინაში, რა არის ამის მიზეზი?” – პასუხობს:

“მარტივად გეტყვით - მიზეზი კრემლის ზეწოლაა. ერთი მხრივ, ცდილობენ ძირი გამოუთხარონ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, მეორე მხრივ, ზეწოლითა და შანტაჟით ცდილობენ კანონიკური მართლმადიდებლური ეკლესიების დაშინებას, რომ მათ უკრაინის ავტოკეფალია არ ცნონ. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ისინი ქართულ მხარეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლად ცნობით ემუქრებიან, თუ საქართველოში გაბედავენ და ჩვენს ავტოკეფალიას აღიარებენ. ვფიქრობ, ავტოკეფალიის ცნობის პროცესი გარდაუვალია და საბოლოოდ ქართული ეკლესია ჩვენ გვერდით დადგება, რადგან საქართველოში ჩვენზე უკეთესად იციან, როგორია რუსული ეკლესიისა და რუსეთის რეალური სახე”.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო