თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ იმართება

სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები შეიკრიბნენ თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაში ,,მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოში“ მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

,,ორი დღის განმავლობაში საქართველოში იმართება კონფერენცია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის, სწორი დაგეგმარებისა და სივრცითი განვითარების მიმართულებით. კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან და განსახლების სწორ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, რომელიც აქტუალურია დღეს როგორც სახელმწიფოს ერთიან ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც. ინტერაქციის რეჟიმში შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან დაკავშირებით საუბარი, რომლებიც რეალურად გააჩნიათ სივრცითი და რეგიონული დაგეგმარებიდან გამომდინარე“-განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ორდღიან ღონისძიებაში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სამინისტროების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„ინტერაქტიური დისკუსია წარიმართა თემებზე: შესრულების რომელი ძირითადი ინდიკატორები შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმების და სტრატეგიების შესამუშავებლად, რომელი ძირითადი ინდიკატორები შეესაბამებიან მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებს და სტრატეგიებს და როგორ ასახავენ შესრულების ძირითადი ინდიკატორები ურბანული განვითარების გამოწვევებს ადგილზე.

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში, რომელიც მოიცავს 11 მიზანსა და 169 ამოცანას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მიზნები, შესაბამისი ამოცანებით იმგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების მშენებლობას; ადამიანის უფლებათა დაცვას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას; პლანეტისა და მისი ბუნებრივი რესურსების ხანგრძლივ დაცვას, ასევე, პირობების შექმნას მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, კეთილდღეობისა და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა.

ღონისძიება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამა (UN HABITAT) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივას“ ორგანიზებით იმართება.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს