მიხეილ ბატიაშვილმა და ბელარუსიის განათლების მინისტრმა მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის დედაქალაქ მინსკში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ბატიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან იგორ კარპენკოსთან, რომლის დროსაც საუბარი შეეხო განათლების სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

იგორ კარპენკომ მიხეილ ბატიაშვილს ბელარუსის განათლების სისტემა გააცნო და პროფესიული განათლების მიმართულებით, ბელარუსის გამოცდილების გაზიარება შესთავაზა. თავის მხრივ, მიხეილ ბატიაშვილმა ბელარუსელ კოლეგას საქართველოს განათლების კომპლექსური რეფორმის დეტალები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის განათლებისა და სპორტის სფეროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა და ასე იქნება მომავალშიც. ერასმუს პლიუსის პროგრამაში საქართველო ერთ-ერთ ლოდერად ითვლება. რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა ევროკომისარი განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, რომელმაც საქართველო შეაფასა, როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აღნიშნულ პროგრამაში. ერთობლივ პროექტებს თქვენთან ერთად მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ. საქართველოში ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათლების კომპლექსური რეფორმა, რომელსაც მხარს უჭერს მთავრობა და პრემიერის გადაწყვეტილებით ბიუჯეტის დაახლოებით 25 % განათლების სფეროს განვითარებაზე დაიხარჯება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენ გავხდით ენქას წევრი, რაც გულისხმობს იმას რომ ქართული უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემულ დიპლომებს ევროკავშირი აღიარებს. პროფესიული განათლების მიმართულებითაც წინსვლა გვაქვს", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა ბელარუსელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების ფონზე ორმაგად სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ, განსაკუთრებით განათლების სფეროში. ჩვენ პროფესიული განათლების კუთხით დიდი გამოცდილება გვაქვს, განსაკუთრებით IT-ტექნოლოგიებისა და მანქანათმშენებლობის სფეროში. გვაქვს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სპეციალური პროფესიული კოლეჯები, სადაც ეუფლებიან პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას. პროფესიას. თქვენი სურვილის შემთხვევაში ამ მიმართულებით შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება თქვენი გამოცდილების გაზიარებაც“, - განაცხადა ბელარუსის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა იგორ კარპენკომ.

საქართველოსა და ბელარუსის რეპუბლიკის განათლების მინისტრებს შორის შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებს, რომელშიც ქართველი სპორტსმენები წარმატებულად ასპარეზობენ.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს