დევნილის მიერ ქვეყნის ორი თვით დატოვების გამო დახმარების შეჩერების ვადის გაზრდის თაობაზე დეპუტატ ადა მარშანიას საკანონმდებლო ინიციატივას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვით, აღნიშნული ვადა იზრდება 3 თვემდე, ნაცვლად 2 თვისა, დღეს პირველი მოსმენით - 86 ხმით მიიღეს.
პროექტი ადა მარშანიამ მოამზადა.
“საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიური პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ჩვენი დევნილი მოსახლეობაც სეზონურ სამუშაოებზე მიდიან მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ქვეყნებთან არსებობს უვიზო რეჟიმი, რომლის ხანგრძლივობა 3 თვეს არ აღემატება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტის შემთხვევები, დევნილი პირების მიერ კანონით დათქმული 2 თვიანი ვადის დარღვევის გამო“, - განმარტავს ადა მარშანია.
“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მოქმედი კანონით, დევნილს შემწეობა უწყდება, თუ 2-თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან.