საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა მას განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ ჰყავს აყვანილი 21 ივნისს თავის არეში დაჭრილი დავით გრიგორიანი.
როგორც თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ზუსტი ინფორმაციის გაცემა ეკრძალებათ.
„არამარტო აღნიშნული პაციენტი, არამედ ყველა პაციენტი, რომელიც მოთავსებული იყო და არის კლინიკაში, ყოველთვის მყავს მონიტორინგზე აყვანილი და მუდმივად ვაკონტროლებ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. შესაბამისად, ის, რომ მე მხოლოდ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკონტროლებ, არის სიცრუე. ასევე სიცრუეა ისიც, თითქოსდა გრიგორიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და გუშინ დღის მეორე ნახევრიდან მოხდა მისი აპარატურიდან მოხსნა. პაციენტი კონტაქტურია, დღეს კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტი მოვინახულე და მათ შორის გრიგორიანიც. პირადადაც ვესაუბრე - საკმაოდ დადებითი და კარგი დინამიკა აქვს, თავისუფლად შემოდის კონტაქტში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მან ასევე დაადასტურა, რომ დღეს პაციენტები მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში აღნიშნული ინფორმაციის ამსახველი ვიდეო-კადრებიც გავრცელდება.
შეგახსენებთ, დავით გრიგორიანი ერთ-ერთია, რომელიც 20-21 ივნისს აქციაზე დაშავდა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.